ფეხბურთი

20:40 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი რონალდუსთან 2006 წლის ინციდენტზე: "გასახდელში ვეძებდი"

„დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელმა უეინ რუნიმ Times-სთან საუბარში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმხანად თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

რუნის განცხადებით, რონალდუსთან მაშინ პრობლემა არ ჰქონია და თამაშის შემდეგ მასთან ამ საკითხზე ცალკე ისაუბრა.

„მახსოვს, რომ რიკარდო კარვალიომ ხელი მიბიძგა, შემდეგ მეორე მხრიდან პეტიტი მოვიდა. მსაჯმა ელიზონდომ ვერაფერი გააკეთა და შედეგად, კარვალიოზე ფეხი დამებიჯა. ვიცოდი,რომ მსაჯი გამაძევებდა. თამაშის დარჩენილ ნაწილს პატარა ტელევიზორში ვუყურებდი და ვფიქრობდი: თუ მოვიგებთ ნახევარფინალში და ფინალში დისკვალიფიცირებული ვიქნები, თუ წავაგებთ, ჩემი ბრალი იქნება. ეს იყო ყველაზე ცუდი და უცნაური გრძნობა, რაც მანამდე მქონია.

ტელეფონზე უამრავი მესიჯი მომდიოდა რონალდუს შესახებ, ცხადია მან მსაჯს ჩემი გაძევება მოსთხოვა. თამაშის შემდეგ გასახდელში ვეძებდი, ვგრძნობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო მასთან პირისპირ საუბარი, სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი სუფთა იყო. შემომხედა და თითქოს ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ მე უკვე „იუნაიტედზე“ ვფიქრობდი და მასთან არავითარი პრობლემა არ მქონდა, კრიშტიანუს ვუთხარი: „ისიამოვნე და წარმატებებს გისურვებ, რამდენიმე კვირაში შევხვდებით და ვეცდებით ჩემპიონები გავხდეთ“, - გაიხსენა რუნიმ.

შეგახსენებთ, 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ინგლისელი უეინ რუნი პორტუგალიასთან მატჩის 62-ე წუთზე გააძევეს. „მანჩესტერში“ მაშინ მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელიც მსაჯს განსაკუთრებით აქტიურად მოუწოდებდა, რომ ინგლისელისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა.

0.112758