ისტორია

9:24 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

5 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - დაიბადა ვახტანგ იაგორაშვილი. ქართველი თანამედროვე ხუთჭიდელი. სეულის 1988 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (მეხუთე ადგილი გუნდურში). ატლანტის (1996) და ათენის (2004) ოლიმპიადების მონაწილე. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 1998) პირად ჩათვლაში. ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 1989). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1999 წლიდან გამოდიოდა აშშ-ის სახელით.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896 - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 14 ქვეყნის 245-მა სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი ბერძნებმა მოიპოვეს (10 ოქრო, 18 ვერცხლი, 22 ბრინჯაო). მეორე საფეხური აშშ-ის წარგზავნილებმა დაიკავეს (11, 7, 1). მესამე პოზიციაზე კი, გერმანელები აღმოჩნდნენ (6, 5, 2).

1902 - ინგლისისა და შოტლანდიის ფეხბურთელ გუნდთა მატჩმა სკანდალურად ჩაიარა. ორივე ნაკრების გულშემატკივართა შორის მომხდარმა ჩხუბმა 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1915 - სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეს ვილარმა 26 რაუნდიან ორთაბრძოლაში ჯეკ ჯონსონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1927 - ამერიკელმა მოცურავემ და მსახიობმა ჯონი ვაისმიულერმა სხვადასხვა დისტანციაზე გაცურვისას მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა.

1967 - უილტ ჩემბერლენმა ერთ მატჩში 41 მოხსნა განახორციელა, რითიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი დაამყარა.

1987 - უეინ გრეცკი ზედიზედ მეშვიდედ გახდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

1991 - ჯო დუმარსმა (“დეტროიტ პისტონზი”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ზედიზედ 62-ე შეხვედრაში ზუსტად გამოიყენა საჯარიმო ტყორცნა.

2000 - სტამბოლის “გალათასარაისა” და “ლიდს იუნაიტედის” უეფას თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინადღეს თურქული და ინგლისური კლუბების გულშემატკივართა შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რასაც ორი ლიდსელი ფანის, კრისტოფერ ლოფტუსისა და კევინ სპეიტის სიცოცხლე შეეწირა.

2005 - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, “ლივერპულმა” ტურინის “იუვენტუსს” მოუგო (2:1). 1985 წლის ჩემპიონთა თასის გათამაშების სკანდალურად ცნობილი ფინალური შეხვედრის შემდეგ, ეს იყო ამ ტიტულოვანი გუნდების პირველი დაპირისპირება. მეორე მეოთხედფინალურ პაექრობაში, ფრანგული საფეხბურთო კლუბი “ლიონი” და ჰოლანდიური პსვ ერთმანეთს დაუზავდნენ (1:1).

2007 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუკსმა” “ნეთსთან” წააგო (86:101). ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 18 ქულა მოაგროვა, 4 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.

2008 - მთელი შემადგენლობით გადადგა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2008 - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობაზე ბადრი ხასაია (84 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, რამაზ ნოზაძე კი მესამეზე.

2008 - ბერტი ფოგთსმა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2010 - აშშ-ს 1960 და 1992 წლების ოლიმპიური საკალათბურთო ნაკრებები კალათბურთის “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

2013 - ძიუდოისტთა ბაქოს დიდ სლემზე ჩემპიონი ლევან წიკლაური (81 კგ) გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1914 - ფელიჩე ბორელი. 1930-40-იან წლებში ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი. კლუბის რეკორდსმენი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით – 32 გოლი 1933-34 წლების სეზონში. იტალიის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. “იუვენტუსის” გარდა გამოდიოდა “ტორინოში”, “ალესანდრიასა” და “ნაპოლიში”. იტალიის სერია A-ში ჩაატარა 257 მატჩი, გაიტანა 131 გოლი. ბორელი მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონია.

1922 - ტომ ფინი. ინგლისის ნაკრებისა და “პრესტონ ნორთ ენდის” ფეხბურთელი. ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ 76 მატჩში გაიტანა 30 გოლი. ფინი თავისი კლუბის ბოლომდე ერთგული დარჩა. 1952 წელს, მას იტალიური “პალერმო”, ამ გუნდში გადასვლის სანაცვლოდ, იმ დროისთვის რეკორდულ თანხას, 10 ათას გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა სერ ტომ ფინიმ სამხრეთელთა ემისრები უარით გაისტუმრა. “პრესტონ ნორთ ენდის” რიგებში ჩაატარა 433 მატჩი, გაიტანა 187 გოლი. 1954 და 1957 წლებში დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.

1939 - გეორგიოს სიდერისი. პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი. კლუბის რეკორდსმენი ეროვნულ პირველობაზე გატანილ გოლთა რაოდენობით (229). საბერძნეთის ორგზის ჩემპიონი და თასის 5-გზის მფლობელი. 1963 წელს დაასახელეს საბერძნეთის საუკეტესო ფეხბურთელად.

1943 - ფიოდორ მედვიდი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებისა და კიევის “დინამოს” მცველი. საკავშირო პირველობების ოთხგზის გამარჯვებული და ორგზის თასის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1945 - ტომას სმიტი. 1962-77 წლებში “ლივერპულის” მცველი. გუნდის “შემადგენლობაში ჩაატარა 317 მატჩი, გაიტანა 36 გოლი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. 1977 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი, 1973 და 1976 წლებში – უეფას თასი.

1952 - დენის მორტიმერი. 1975-84 წლებში ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნახევარმცველი. გუნდის 317 მატჩში გაიტანა 31 გოლი. 1981 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი.

1962 - კირსან ილუმჟინოვი. ფიდეს პრეზიდენტი.

1964 - მარიუშ ლეკეტუში. რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. ბუქარესტის “სტიაუას” შემადგენლობაში 1986 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი. რუმინეთის 11-გზის ჩემპიონი და ეროვნული თასის 7-გზის მფლობელი.

1964 - ვახტანგ იაგორაშვილი. ქართველი თანამედროვე ხუთჭიდელი. სეულის 1988 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (მეხუთე ადგილი გუნდურში). ატლანტის (1996) და ათენის (2004) ოლიმპიადების მონაწილე. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 1998) პირად ცათვლაში. ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 1989). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1999 წლიდან გამოდიოდა აშშ-ის სახელით.

1970 - ელენა ელესინა. რუსი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

1971 - კიმ სუ ნიუნი. სამხრეთ კორეელი მშვილდოსანი. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 - ფინიდი ჯორჯი. ნიგერიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის,” “ბეტისის,” “მალიორკას,” “იფსვიჩის” ფეხბურთელი. ოლიმპიური ჩემპიონი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. ნიგერიის ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.

1975 - შემონდ უილიამსი. საქართველოს ნაკრების, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “ატლანტა ჰოუკსის,” “ბოსტონ სელტიკსის,” “დენვერ ნაგითსის,” “ნიუ ორლეან ჰორნეთსის,” “ორლანდო მეჯიქის,” აგრეთვე ყაზანის “უნიქსისა” და ესპანური “ბარსელონას” გამთამაშებელი, მსროლელი (183 სმ). საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.

1976 - სიმონე ინძაგი. საფეხბურთო კლუბ “პიაჩენცას,” “სამპდორიას,” “ლაციოს” ფორვარდი.

1976 - ფერნანდო მორიენტესი. ესპანეთის ნაკრების, “ალბასეტეს,” “სარაგოსას,” მადრიდის “რეალის,” “მონაკოს,” “ლივერპულის,” “ვალენსიას” თავდამსხმელი. მადრიდელთა შორის გამოსვლისას სამჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (1998, 2000, 2002), აგრეთვე საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. “რეალთან” ერთად მოპოვებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა და სუპერთასი. “მონაკოს” შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2004), “ვალენსიასა” და “ლივერპულთან” ერთად კი მოგებული აქვს ესპანეთისა და ინგლისის თასები. ესპანეთის ნაკრებში მისი დებიუტი 1998 წელს შედგა. პირველსავე შეხვედრაში მორიენტესმა შვედეთს 5 წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაუტანა. მონაწილეობა მიიღო 1998 და 2002 წლების მუნდიალებში, ასევე ევროპის 2004 წლის პირველობაში. ესპანეთის ნაკრების 47 მატჩში გაიტანა 27 გოლი.

1978 - არნო ტურნე. ფრანგი ველოსიპედისტი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1978 - სტივენ ჯექსონი. “ინდიანა პეისერზის” მსროლელი-ფორვარდი (203 სმ).

1979 - ტიმო ჰილდებრანდი. გერმანიის ნაკრების, “შტუტგარტის”, “ვალენსიასა” და “ჰოფენჰაიმის” მეკარე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი. გერმანიის ჩემპიონი და ესპანეთის თასის მფლობელი. 2003-04 წლების ბუნდესლიგის სეზონის მსვლელობისას საკუთარ კარს “მშრალად” 884 წუთის განმავლობაში ინახავდა.

1980 - მარიო კაშენი. “ორლანდო მეჯიქის” მეფარე (215 სმ).

0.112064