სხვა

21:07 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის სალიცენზიო ტურნირზე მონაწილე თურქეთის ნაკრების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თურქეთის კრივის ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად ლონდონში სალიცენზიო ტურნირი დაიწყო და სპორტსმენებზე არ იზრუნა. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც თურქეთის ნაკრების ორ წევრს და მწვრთნელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ლონდონში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი 14 მარტს დაიწყო, ერთი დღის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში საფეხბურთო ჩემპიონატები დროებით შეაჩერეს. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ლონდონში შეჯიბრება ორი დღის განმავლობაში მაყურებლებთან ერთად გაიმართა, მესამე დღეს ორთაბრძოლები დახურულ კარს მიღმა შედგა, ხოლო ამის შემდეგ ტურნირი შეაჩერეს.

თურქეთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულია ორი სპორტსმენი, მათ შორის ერთის სახელი და გვარია სერჰათ გიულერი და მწვრთნელი - სეიფულაჰ დუმლუპინარი. გიულერი 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იბრძოდა და პირველი შეხვედრა ისრაელის სახელით მოასპარეზე მიხაელ ოსტროუმოვს მოუგო. ამ წონაში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ხარაბაძე გამოდიოდა და პირველი დაპირისპირება სერბ მოწინააღმდეგესთან მოიგო, თუმცა შემდეგ ტურნირი შეწყდა. მეორე თურქი სპორტსმენის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მონაწილეები დამოუკიდებლად ატარებდნენ ვარჯიშებს, სანამ შეჯიბრება დაიწყებოდა, დღის ბოლოს სახლში ბრუნდებოდნენ და ინფექციის წყაროს დადგენა შეუძლებელია. თურქეთის ნაკრების კიდევ რამდენიმე სპორტსმენს გაუკეთეს ტესტი და უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო რამდენიმე ტესტის პასუხს კიდევ ელოდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ლონდონის ტურნირზე ლიცენზია 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვმა მოიპოვა.

0.128838