კალათბურთი

15:09 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე (ნაწილი XVIII) (+VIDEO)

ვაგრძელებთ პროექტს “გზა ევრობასკეტი2021-მდე”, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება. დღეს წარმოგიდგენთ მანუჩარ მარკოიშვილს, ანატოლი ბოისას, ბექა წივწივაძეს, ლუკა ზაქრაძესა და ბექა ბექაურს.

ნაკრები სამუშაო არაა, ეს ჩვენი სულისთვისაა!

მანუჩარ მარკოიშვილი

2004 წლის 22 ივლისს საქართველოს ნაკრები სან ჯორჯოს ტურნირზე რუსეთს დაუპირისპირდა. ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა კალათბურთელს, რომელსაც ევროლიგის ფინალში თამაშის გამოცდილება უმაგრებდა ზურგს – მანუჩარ მარკოიშვილმა სანაკრებო კარიერა რუსეთთან 87:71 გამარჯვებით დაიწყო და მას მერე თანაგუნდელებთან ერთად იმდენად გაიზარდა, რომ ოთხი ევრობასკეტი ითამაშა.

უცხოურ კლუბებში თამაში ჩვენი სამუშაოა, ეროვნული ნაკრები კი სამუშაო არაა, არც ფულს ვიღებთ, ეს ჩვენი სულისთვისაა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ეს მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩემთვის და ქომაგებისთვისაც. ნაკრებში გამოძახებას ერთგვარ საზაფხულო ბონუსად აღვიქვამ – ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რათა კალათბურთისგან სიამოვნება მივიღო, – უთხრა მანუმ რუსული კლუბის, ცსკა-ს ვებ-საიტის ჟურნალისტს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად 2011 წელს ლიეტუვაში ვიყავი ევრობასკეტზე, 2013 წელს – სლოვენიაში, 2015-ში ხორვატიაში, ხოლო 2017-ში ისრაელში. ვთვლი, რომ ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც დიდი სტიმული, მათთვის უმაღლესი დონის კალათბურთთან დაახლოების შესანიშნავი საშუალება იქნება. მათ ხომ საშუალება მიეცემათ მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავებს ტელევიზორში კი არა, ტრიბუნიდან უყურონ, შინ, მშობლიურ ქვეყანაში. ამაზე ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო. ოღონდ, ვოცნებობდი რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის თბილისში ჩატარებაზე, რომ საშუალება მქონოდა საქართველოს მაისურით გავსულიყავი და ტრიბუნებიდან ჩემს ახლობლებს ექომაგათ. სულ სხვა განცდაა, როცა საკუთარ სამშობლოში თამაშობ, მთელი დარბაზი შენიანია.

მანუჩარ მარკოიშვილი მეხუთე ევრობასკეტზეც იქნება საქართველოს სახელით, ოღონდ ამჯერად მწვრთნელის სტატუსით. ის და ანატოლი ბოისა 2020 წლიდან ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბში არიან.

ანატოლი ბოისა

სან ჯორჯოს ტურნირზე, რუსეთის წინააღმდეგ ნაკრების ფორმა ანატოლი ბოისამაც პირველად მოირგო. იგი ამერიკიდან ახალი დაბრუნებული იყო, სადაც “მიდლენდის” კოლეჯში ასპარეზობდა.

აშშ-დან ჩამოსული ახალგაზრდა “ბასკოში” მწვრთნელმა ნუგზარ კანდელაკმა მიიწვია და მასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა. ანატოლი რეკორდსმენთა რიგებშია – მას საქართველოს პირველობა რვაჯერ აქვს მოგებული.

უმთავრესად მებრძოლი ხასიათისა და გაუვალი დაცვის წყალობით იგი ნაკრების მწვრთნელების ყურადღებას 2004 წლიდან იქცევდა, სანაკრებო კარიერა კი 2019 წელს დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ანატოლი ბოისა მშობლიურ რუსთავს ხელმძღვანელობს და ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბშია.

ბოისა ნაკრებთან დაკავშირებით ბევრისთვის უცნობ, საინტერესო ამბავს იხსენებს:

2007 წელს ქალაქ პოში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრებს ფრანგებმა ცუდი მასპინძლობა გაუწიეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი გუნდისთვის გამოყოფილ მიკროავტობუსს მძღოლიც არ დაუნიშნეს. შექმნილ ვითარებაში დროულად გავერკვიე – მთელი შეკრების მანძილზე მძღოლის ფუნქციაც შევასრულე და ბოლოს პატარა ქალაქის ექსკურსიამძღოლის როლიც მოვირგე.

ბექა წივწივაძე

ბექა წივწივაძე 16-წლამდელთა ნაკრებიდან დაწყებული, ყველა ასაკის ნაკრებში თამაშობდა. ეროვნულ გუნდში კი მხოლოდ 2014 წელს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე მოხვდა. ამხანაგურ მატჩებში ბექამ კარგად იასპარეზა, თუმცა საბოლოოდ, იგორ კოკოშკოვის გუნდის ძირითად თორმეტეულში ვერ დამკვიდრდა.

ბექა ნაკრებში მოხვედრით, ცხადია კმაყოფილია, მაგრამ, თავადაც ამბობს, რომ მეტი შეეძლო…

ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა – ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჰიმნზე გავიმართე! თუმცა გარკვეულმა გარემოებებმა საკუთარი ნიჭის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა არ მომცა, რასაც დღეს ძალიან განვიცდი. საქართველოს ნაკრებზე მოფიქრალ ახალგაზრდა თაობას ვურჩევ, დიდი მიზნების მისაღწევად ბევრი იშრომონ, არაფერი დაიზარონ და შედეგს აუცილებლად მიიღებენ.

ლუკა ზაქრაძე

ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და პირველივე ციკლში თქვა – ახალგაზრდა კალათბურთელები ნაკრებს უნდა შეეჩვიონ, რომ მალე მათ დავეყრდნოთო. პირველი, ვისაც მწვრთნელმა თვალი დაადგა, გამთამაშებელი ლუკა ზაქრაძე იყო.

თავად კალათბურთელი ასე საუბრობს ნაკრებზე:

დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ილიას ზუროსის მიმართ. იგი ჩემს მიმართ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა. ყოველი მატჩის წინ პირადად მარიგებდა, მამხნევებდა, საბრძოლველად ფსიქოლოგიურად მამზადებდა და თამაშშიც თავის გამოჩენის შესაძლებლობას მაძლევდა...

2016 წლის შემდეგ ზაქრაძე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში კი ხვდება, მაგრამ 12-კაციან განაცხადში მოხვედრა… საქართველოს ჩემპიონატში კარგი თამაშით უნდა დაიმსახუროს. ლუკას საამისოდ მშვენიერი შანსი აქვს – თსუ-ში თავადაც საკმარისად თამაშობს და გუნდიც წარმატებულია.

ბექა ბექაური

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ბევრი დაუვიწყარი მატჩი აქვს. მათგან გამორჩეული იყო 2016 წლის დაპირისპირებები თბილისსა და ბარში მონტენეგროსთან. ბექამ მონტენეგროში ოთხი წუთი ითამაშა და 90:84 გამარჯვებაში თავისი მოკრძალებული წვლილიც შეიტანა. ეს იყო მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის მხრიდან დიდი ნდობა ასეთ დონეზე გამოუცდელი კალათბურთელისთვის.

ბექას ნაკრებში ზუროსის წინამორბედი იგორ კოკოშკოვიც იწვევდა, 2020 წლის თებერვალში გამართული მატჩებისთვისაც მოხვდა შემადგენლობაში, თუმცა სათამაშო დრო ძალიან შეზღუდული აქვს.

ამას თავისი ლოგიკა აქვს – ბექა ხომ წინახაზელია, იქ კი დიდი კონკურენციაა. 2017 წლამდე შერმადინი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დუეტში თამაშობდნენ, 2017-ის მერე – ევროლიგის ორგზის გამარჯვებული გიორგი შერმადინი და “ინდიანას” წევრი გოგა ბითაძე…

GBF.GE

0.12818