კალათბურთი

15:05 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია "დალას მავერიქსის" დეკადის გუნდში შეიყვანეს
Last Word on Pro Basketball: "დალასში"ქართველმა ცენტრმა ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საკალათბურთო ვებგვერდმა Last Word on Pro Basketball-მა „დალას მავერიქსის“ ათწლეულის გუნდში შეიყვანა.

აღნიშნულმა გამოცემამ ქართველი ცენტრი შემდეგნაირად დაახასიათა:

„საინტერესოა ის ფაქტი, რომ „დალას მავერიქსში“ სათადარიგო ცენტრების დიდი არჩევანი არც ყოფილა, რადგანაც კრისტაპს პორზინგისის და მაქსი კლებერის ათწლეულის გუნდში დასახელება ნაადრევად გვეჩვენება.

მართალია, ზაზა ფაჩულიას „დალასში“ დიდი დრო არ გაუტარებია, თუმცა, იქ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა. ქართველი გულშემატკივართა ფავორიტი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

მან დალასში 76 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც საშუალოდ 8.6 ქულას, 9.4 მოხსნას აგროვებდა.

ამის შედეგიც იყო, რომ მან ოლ სტარის გამოკითხვაში საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მაშინ ამ პროცესში მისი პერსონალური ფანების მთელი არმია იყო ჩართული.

ფაჩულია გუნდში სწორედ იმას აკეთებდა, რასაც მისგან ითხოვდნენ: კარგად იბრძოდა ფარზე და როდესაც შეტევის საშუალება ეძლეოდა, ქულებსაც აგროვებდა.

მავერიქსში გატარებულ სეზონში მას მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ქულებში კი – მე-3 შედეგი“.

შეგახსენებთ, ფაჩულია "დალას მავერიქსის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს კი ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით "გოლდენ სტეიტს" შეურთდა, სადაც მან ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა.

0.154663