ისტორია

9:11 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

16 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1928 – დაიბადა მარიო ზაგალო (მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო). ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად, მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თამაში 1948 წელს “ამერიკაში” დაიწყო. 1958 და 1962 წლების მუნდიალებზე იყო ბრაზილიის ნაკრების მარცხენა ფორვარდი. ზაგალომ ორივე ტურნირის მსვლელობისას მოახერხა გოლების გატანა, მათ შორის შვეციაში გამართული მსოფლიოს პირველობის ფინალურ მატჩში. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრაზილიელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოაო სალდანია დაითხოვეს და მის ადგილზე მარიო ზაგალო დანიშნეს. ახალმა დამრიგებელმა გუნდში საბრძოლო განწყობა განამტკიცა, პელეს, გერსონს, ტოსტაოს, ჟაირზინიოსა და რიველინოს შესაბამისი პოზიციები შეურჩია და ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. 1994 წელს, მარიო ზაგალო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პარეირას თანაშემწე იყო, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. 1998 წელს იყო ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი. მაშინ “ტყავის ბურთის ჯადოქრებმა” მუნდიალის ფინალური მატჩი ფრანგებთან პარიზის “სენ დენიზე” დათმეს (0:3). 2006 წლის მსოფლიოს პირველობაზე, ზაგალო თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კვლავ მთავარი მწვრთნელის, პარეირას თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფრანგებთან პაექრობის შემდეგ გამოეთიშა ტურნირს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1872 - ლონდონის სამხრეთ ნაწილში (კენინგტონში) მდებარე სტადიონ “ოვალზე” პლანეტის უძველესი საფეხბურთო ტურნირის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი ჩატარდა. ორი ათასი მაყურებლის დასწრებით ერთმანეთის პირისპირ ლონდონური კლუბები “უონდერერზი” და “როიალ ენჯენეარზი” წარსდგნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი “უონდერერზის” 24 წლის ფეხბურთელმა მორტონ ბეტსმა გაიტანა. ინგლისის თასის პირველი მფლობელი “უონდერერზი” 1883 წელს დაიშალა, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა გუნდმა “როიალ ენჯენეარზმა” არსებობა 1889 წელს შეწყვიტა. სტადიონ “ოვალს” რაც შეეხება, იგი დღესაც ფუნქციონირებს და კრიკეტის მატჩებს მასპინძლობს. ინგლისის საფეხბურთო თასის ფინალებს რაც შეეხება, საპატიო პრიზისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლები ამ არენაზე 1892 წლის ჩათვლით ტარდებოდა.

1890 - ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა სახვადასხვა შემადგენლობით, ერთ დღეს ორი მატჩი ჩაატარა. ინგლისელებმა რექსჰემში უელსს 3:1 სძლიეს, ხოლო ბელფასტში ირლანდიას _ 9:1.

1898 - დაარსდა იტალიის საფეხბურთო ფედერაცია (Federazione Italiana Giuoco Calcio). ფიფას წევრი 1905 წელს გახდა, უეფასი – 1954-ში.

1957 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, “ტორონტო მეიფლ ლივზმა” “ნიუ იორკ რეინჯერსს” 14:1 მოუგო.

1969 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ბოსტონ ბრიუინზმა” პირველი პერიოდის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. მან, საწყის მონაკვეთში მეტოქის კარის აღება რვაჯერ მოახერხა.

1991 - მიუნხენში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა კრისტი იამაგუჩიმ მოიპოვა.

1996 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფრენკ ბრუნო მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1997 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ ჯერსი დევილზის” მოთამაშე დეივ ანდრეიჩუკი ოცდამეექვსე მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში მეხუთასე შაიბა გაიტანა.

2003 - რუსმა მძლეოსანმა სვეტლანა ფეოფანოვამ ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობისას, დარბაზში ქალთა შორის ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4.80 მ).

2006 - UEFA-ს თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “შალკემ” იტალიური “პალერმო” დაამარცხა (3:0). გერმანული კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა, ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიშიც გახსნა. ამ გამარჯვებით “შალკე” მეოთხედფინალში გავიდა.

2006 - დაძაბულ საკალათბურთო მატჩში, “ნიუ იორკ ნიქსმა” “ატლანტა ჰოუქსი” დაამარცხა (121:117). “ატლანტელთა” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 47 წუთში (შეხვედრა ორი ოვერტაიმით გაგრძელდა), 26 ქულა მოაგროვა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაც განახორციელა.

2007 - ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ დასავლეთის მეათე მაეგაშირა, ტოკიცუუმი დაამარცხა.

2008 - ფორმულა1-ის ავსტრალიის გრან-პრი დადმა ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე გერმანელი მრბოლები ნიკ ჰაიდფელდი და ნიკო როსბერგი გავიდნენ.

2010 - პლანეტის ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა, გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა დაადასტურა, რომ ასპარეზს დაუბრუნდებოდა და აპრილიდან მასტერზის ტურნირებში მიიღებდა მონაწილეობას.

2013 - რაგბის ერთა თასის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთთან 9:9 ითამაშა და ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრა.

2014 - არგენტინელმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ოსასუნას” (7:0) ჰეთ თრიქი შეუსრულა, ჯამში 371 გოლი მოუგროვდა და “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე ეს რეკორდი პაულინიო ალკანტარას ეკუთვნოდა (369). ალკანტარა 1920-იან წლებში თამაშობდა და გოლების უმეტესობა ამხანაგურ მატჩებში და კატალონიის ჩემპიონატში აქვს გატანილი, რადგან “ლა ლიგა” მაშინ არ არსებობდა.

2014 - “ლივერპულის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა, “მანჩესტერთან” “ოლდ ტრაფორდზე” 3:0 მოგებულ მატჩში თერთმეტრიანი ნიშნულიდან ორი გოლი გაიტანა და ინგლისის პრემიერლიგაში რეალიზებული პენალტებით მესამე ადგილზე გავიდა. 33 წლის ფეხბურთელს ნიშნულიდან უკვე 26 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის “ბლექბერნის” და “ნიუკასლის” ყოფილ ფორვარდ ალან შირერს (56 პენალტი) და ფრენკ ლემპარდს ჩამორჩება (43).

2014 - ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გახდა. აქამდე, რეკორდი არგენტინელ კარლოს ბიანკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1977-1978 წლების სეზონში ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო. საფრანგეთის ლიგა 1-ის განვლილ ტურში, შვედმა ფორვარდმა “სენტ-ეტიენთან” დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში მის მერ გატანილი ბურთების რაოდენობამ ორმოცს მიაღწია.

2014 - ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” უკანახაზელმა ხუან კარლოს ნავარომ ევროლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (253) აღნიშნული ლიგის რეკორდი გააუმჯობესა. ნავარომ სარეკორდო შეხვედრა თOP16-ის მე-10 ტურში, “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში ჩაატარა. ძველი მიღწევა ბერძენ უკანახაზელ ტეოდორას პაპალუკასს ეკუთვნოდა. პაპალუკასმა 252 შეხვედრა ცსკას (რუსეთი), “ოლიმპიაკოსისა” (საბერძნეთი) და “მაკაბის” (ისრაელი) შემადგენლობაში ასპარეზობის დროს დააგროვა. რაც შეეხება ნავაროს, 253-ვე შეხვედრა “ბარსელონას” შემადგენლობაში აქვს ჩატარებული.

ამ დღეს დაიბადნენ

1912 - ხოსე ირარაგორი ეალო “ჩატო”. 1930-იანი წლების ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდთა ხუთეულის ერთ-ერთი წევრი. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამდენჯერვე ფლობდა ქვეყნის თასს. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1928 - მარიო ზაგალო (მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო). ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად, მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თამაში 1948 წელს “ამერიკაში” დაიწყო. 1958 და 1962 წლების მუნდიალებზე იყო ბრაზილიის ნაკრების მარცხენა ფორვარდი. ზაგალომ ორივე ტურნირის მსვლელობისას მოახერხა გოლების გატანა, მათ შორის შვეციაში გამართული მსოფლიოს პირველობის ფინალურ მატჩში. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრაზილიელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოაო სალდანია დაითხოვეს და მის ადგილზე მარიო ზაგალო დანიშნეს. ახალმა დამრიგებელმა გუნდში საბრძოლო განწყობა განამტკიცა, პელეს, გერსონს, ტოსტაოს, ჟაირზინიოსა და რიველინოს შესაბამისი პოზიციები შეურჩია და ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. 1994 წელს, მარიო ზაგალო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პარეირას თანაშემწე იყო, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. 1998 წელს იყო ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი. მაშინ “ტყავის ბურთის ჯადოქრებმა” მუნდიალის ფინალური მატჩი ფრანგებთან პარიზის “სენ დენიზე” დათმეს (0:3). 2006 წლის მსოფლიოს პირველობაზე, ზაგალო თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კვლავ მთავარი მწვრთნელის, პარეირას თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფრანგებთან პაექრობის შემდეგ გამოეთიშა ტურნირს.

1930 - რამონ ვალვერდე. ურუგვაელი ფორვარდი. გამოდიოდა “ბარსელონაში”. ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, ორჯერ მოიგო “ბაზრობათა თასი”. “ბარსელონას” 364 მატჩში გაიტანა 141 გოლი.

1936 - ტელმა ჰოპკინსი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1939 - კარლოს ბილარდო (კარლოს სალვადორ ბილარდო). არგენტინელი საფეხბურთო სპეციალისტი და ექიმი. დაიბადა სიცილიიდან ემიგრირებულთა ოჯახში. ფეხბურთელობისას გამოდიოდა “ესტუდიანტეს დე ლა პლატაში”. მოგვიანებით ამ გუნდის კაპიტანი გახდა. ბილარდო თამაშისას ტაქტიკური ელემენტების დამუშავებით გამოირჩეოდა. გუნდთან ერთად 1968, 1969 და 1970 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, 1968-ში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 1982 წელს გახდა “ესტუდიანტესის” მთავარი მწვრთნელი. მისი გუნდი დაცვაში მწყობრი თამაშით გამოირჩეოდა. კარლოს ბილარდო არგენტინის ნაკრებს 1983-1990 წლებში ხელმძღვანელობდა. 1986 წელს დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 1990 წელს თეთრცისფერმაისურიანები მუნდიალის ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდთან დამარცხდნენ (0:1). მოგვიანებით ბილარდო “სევილიას” (იმხანად ანდალუსიელების რიგებში მარადონაც თამაშობდა) ედგა სათავეში. წვრთნიდა “ბოკა ხუნიორსსა” და მცირე ხნით ლიბიის ნაკრებს. 2003-2004 წლების სეზონში კარლოს ბილარდო კვლავ “ესტუდიანტესს” ჩაუდგა სათავეში, თუმცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, იგი თამაშის მსვლელობისას შამპანურით “ყელის გაგრილებაში” ამხილა, ამის გამო ბილარდომ პოსტი დატოვა. ჟურნალისტებმა და ფანებმა, ბილარდოს “ელ ნარიგონი” (“დიდი ცხვირი”) შეარქვეს.

1945 - ვოიტეკ ხრისტოვი. ჩეხოსლოვაკიელი საფეხბურთო მსაჯი. სჯიდა მსოფლიოს 1982 და 1986 ჩემპიონატის მატჩებს, ევროპის 1980, 1984 და 1988 პირველობათა ასპარეზობებს. იყო ევრო84-ის ფინალისა და 1980 წლის თასების თასის გადამწყვეტ შეხვედრათა არბიტრი.

1950 - ტატიანა ოვეჩკინა. ქალ კალათბურთელთა შორის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (ამ ტიტულს კიდევ ოთხი კალათბურთელი ფლობს). ოვეჩკინა მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე რამდენჯერმე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.

1952 - ტატიანა პროროჩენკო. საბჭოთა მძლეოსანი. 3000 მეტრზე რბენაში სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1960 - ზურაბ აზმაიფარაშვილი. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1988 წლიდან). ევროპის 2003 წლის ჩემპიონი და 2001 წლის ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2003). საქართველოს ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო შვიდ საჭადრაკო ოლიმპიადაში. ფიდე-ს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ხუთგზის მონაწილე. ზურაბ აზმაიფარაშვილი იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1998-2000) და თანაპრეზიდენტი (2000-2004), იყო ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე შავი ზღვის აუზის საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი (1999-2004) იყო. იგი სეკუნდანტობას უწევდა გარი კასპაროვს მსოფლიოს ჩემპიონობისათვის ჩატარებულ მატჩებში (1987-94). აზმაიფარაშვილის მაქსიმალური საჭადრაკო რეიტინგი 2702 ქულა იყო. აზერბაიჯანის მამაკაც მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ზურაბ აზმაიფარაშვილის კაპიტნობით, 2009 წელს სერბეთის ნოვი სადში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. აზმაიფარაშვილი ამჟამად ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტია.

1965 - სინდი ბრაუნი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1985 - გოჩა ხოჯავა. “თბილისის”, ფამაგუსტას “ანორთოსის”, როსტოვის სკა-ს, რუსთავის “ოლიმპის”, მახაჩყალის “ანჟის”, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

0.144361