რაგბი

18:42 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: მოწინავე სამეულს ტოლს ვერ უდებენ

პირველი ლიგის მე-15 ტური ფოთში, ‘პარკი არენაზე’ ოზურგეთის ‘არწივებისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრით დაიწყო. მასპინძლის როლში დამხვდურმა გურულებმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მატჩი გარე კახელებმა 81-0 მოიგეს და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღეს.

‘ვეფხვები’ შეხვედრის პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ. გარე კახელები უმეტესად ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და თან მაღალ სიჩქარეზეც მოქმედებდნენ. ლელოს გატანა პატარძეულის ერთბაშად 8 მორაგბემ მოახერხა (სულ 13 ლელო, მათ შორის-2 საჯარიმო ლელო). ‘ჰეთ-თრიკით’ ლაშა გურგენიძე გამოირჩა. შეცვლაზე შესულმა 18 წლის ჭაბუკმა შედეგიან თამაშთან ერთად, მგეზავის პოზიციაზე ქომაგს თავი უნარიანი და გააზრებული თამაშით დაამახსოვრა.

პირველობის ლიდერმა ‘ არესმა’ კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით მოიგო. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ ქუთაისში ‘დევებს 19 ლელო დაუდო და მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 117-0 დაამარცხა.

მეტოქეთა კლასში არსებულმა სხვაობამ, ‘არესის’ მთავარ მწვრთნელ სერგო ფრუიძეს შემადგენლობის როტაციის შესაძლებლობა მისცა. ‘არესის’ მგეზავმა ოთარ ტალახაძემ და მღლეტელმა კობა ივანეიშვილმა პირველი ლიგის სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხეს ‘დუბლის’ შესრულება. მატჩის მეორე ნახევარში მარქაფადან ჩართულმა რიონისპირელთა ჰავბეკმა ანდრო ახვლედიანმა კი პირად აქტივს ‘ჰეთ-თრიკი’ შემატა.

დიდი 10-ის საგზურის მაძიებელთაგან ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ‘არმია’ წააწყდა. ‘ჯარმა’ გასვლითი შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთნ’ შეხვედრის მეორე ნახევარში მოიპოვა და მატჩი პრემიით 34-5 მოიგო.

მესხები, ‘არმიას გორში, ჭალის დასახლებაში დაუხვდნენ და მატჩის დებიუტში მღლეტელ ბექა აბრამალაძის გატანილი ლელოთი დაწინაურებაც მოახერხეს. ‘ჯარმა’ უპირატესობას სტატიკის ხარჯზე მიაღწია და მესხებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუტანა. პირველ ნახევარში თავი ჰუქერმა დიტო ცაბაძემ, მხტომელმა სოლომონ ქარუხნიშვილმა და ფრთა ბექა მაჭარაშვილმა გამოიჩინეს. მეორე ტაიმში კი ‘დუბლი’ არმიელთა მარბიელმა ბექა გუგეშაშვილმა შეასრულა. ‘ტაოს’ აქილევსის ქუსლად’ კი კვლავაც შერკინება რჩება.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მართალია, ლიდერი ‘არესი’, მდევარ ‘ვეფხვებთან’ და ‘არმიასთან’ შესაბამისად 4 და 8 ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს, თუმცა რიონისპირელებს მომდევნო 2 შეხვედრის გამართვა უშუალო კონკურენტებთან მოუწევთ. 13 მარტს, ‘არესი’ ავჭალაში ‘არმიას’ ესტუმრება.

მე-15 ტურის 2 დარჩენილი შეხვედრა დედაქალაქში, ‘შევარდენის’ არენაზე გაიმართა. ‘ივერია ვარკეთილისა’ და ქუთაისის ‘ბაგრატის’ შეხვედრა აუტსაიდერის გამარჯვებით დასრულდა. ‘ივერიამ’, ჩემპიონატში პირველი შეხვედრა მოიგო, თან პრემიაც აიღო და მომდევნო ტურში ‘დევებთან’ წარმატების შემთხვევაში ბოლო ადგილისგან თავის დაღწევის შანსსაც დაიბრუნებს. რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ‘ივერიას’ პლეი აუტის ადგილამდე 8 ქულა აშორებს და ისიც აღსანიშნავია, რომ ვარკეთილელები დარჩენილ შეხვედრებში უშუალო კონკურენტებს დაუპირისპირდებიან.

განვლილ შეხვედრაში უპირატესად მასპინძელთა შუამარბ ლაშა სირაძის კარგი თამაშია აღსანიშნავი. ‘ივერიას’ შუამარბმა, ჯერ ანგარიშში 3-ქულიანი ჩამორჩენის დროს მოახერხა ლელოს გატანა და თან საკუთარი გუნდის მხრიდან 4-ივე დადებული ლელოც გარდასახა. აუტსაიდერმა გადამწყვეტი უპირატესობა ხელდახელ, გაშლილ თამაშში მოიპოვა. მატჩის ბოლო წუთებზე ჯერ ‘ივერიას’ მხტომელმა ლევან ხარშილაძემ ინდივიდუალური გარღვევით გაიტანა ლელო, პრაქტიკულად ბოლო შეტევაში კი მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და სწრაფად ჩათამაშებული ოვალი ლელოდ შუამარბმა გიორგი შვანგირაძემ აქცია 28-10.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘ყაზბეგმა’, ქართული რაგბის უხნეს გუნდ ‘დინამოს’ დაძაბულ ბრძოლაში 22-14 მოუგო, რითაც მოხევეებმა პირველობის დასრულებამდე მთელი 3 ტურით ადრე მეოთხე ადგილი გაინაღდეს. ‘ყაზბეგმა ‘ ლიგაში, თავის სადებიუტო სეზონშივე დიდ წარმატებას მიაღწია, უკვე 10 მატჩი მოიგო და ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით სრულფასოვანი სარაგბო არენის უქონლობის გამო, გოჩა ჩქარეულის შეგირდებს ხევში არცერთი საშინაო შეხვედრა არ გაუმართავთ.

მარცხის მიუხედავად, ‘დინამომ’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლევან რამიშვილის ბიჭებმა მეტოქეს 12-ქულიანი სხვაობა გაუბათილეს, სტატიკაში თამაშიც გაუთანაბრეს და ფიჯელი ფრთა როპატი ნდანგიას გატანილი ლელოთი, მეორე ნახევრის შუაწელს 2-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. მარცხის საშიშროებამ მოხევეები გამოაფხიზლა. ‘ყაზბეგმა’ ტემპს უმატა, სწრაფი გადაადგილებებითა და გაშლილი თამაშით უპირატესობის დაბრუნებაც მოახერხა. ფრთაზე გაქცუნებული ზურა კორკელიას ლელო ფულბეკმა გიორგი ასათიანმა გარდასახა. ბოლო წუთებზე კი ასათიანმა ‘საკონტროლო გასროლით’, ჯარიმით გამარჯვების მომტანი ქულები აიღო და თან ‘დინამოს’ ნუგეშიც არ დაანება.

RUGBY.GE

0.113615