ფეხბურთი

20:07 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური ფრე ფავორიტთა დუელში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისში ჩემპიონატის მთავარი ფავორიტების, ორი „დინამოს“ დაპირისპირებით დასრულდა. პირველ ტურში ორივეს ხელი მოეცარა და მოულოდნელად ჩემპიონატის ახალწვეულებთან ქულები დაკარგეს.

ამიტომაც, ახლა რეაბილიტაციის კარგი შანსი და უშეღავათო ბრძოლაც მოსალოდნელი იყო, რაც გამართლდა. თუმცა, თამაშის ხარისხი ცალსახად ბევრად მეტის სურვილს ტოვებდა და საგოლე მომენტებიც უხვად არ შექმნილა.

დაფიქსირებული შედეგი კი სრულად ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო - 1:1. ორივე გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა. 50-ე წუთზე როინ კვასხვაძე ვაგნერ გონსალვეშის დარტყმას გაუმკლავდა, მაგრამ დმაატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ივარგა და ყოფილი გუნდი დაამწუხრა.

აჭარელთა უპირატესობა მეტად ხანმოკლე გამოდგა. ხუთიოდ წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილს ბურთი ხელზე საჯარიმოში მოხვდა და პენალტი დაინიშნა. ნიკა ნინუამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია, გაათანაბრა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ ორი ტურის შემდეგ ორ-ორი ქულით იწონებენ თავს. ორი ტურის მერე კი, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ ფეხი არ დაცდენია, თბილისის „ლოკომოტივია“, რომელიც სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფება.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჯიღაური (50), 1:1 ნინუა (55, პენ)

0.14804