ფეხბურთი

3:14 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ელ კლასიკოს" შესვენებაზე "რეალის" გასახდელში შევიდა და ყოფილი თანაგუნდელები გაამხნევა

კრიშტიანუ რონალდუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა. ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მას შემდეგ, რაც სერია A-ში „ინტერთან“ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო, თავისუფალი დროით ისარგებლა და ყოფილ გუნდს ეწვია.

რონალდუმ მატჩამდე მადრიდელ ქომაგებს ავტოგრაფები დაურიგა, შემდეგ ტრიბუნებზე მოკალათდა და ყოფილი გუნდის გამარჯვებით ბედნიერიც იყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი შესვენებაზე „რეალის“ გასახდელშიც შესულა. ამის შესახებ ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომელმაც ნაანტრაქტევს გოლი გაიტანა და კრიშტიანუს სტილში აღნიშნა.

„რონალდუ შესვენებაზე გასახდელში შემოვიდა და მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა. სწორედ ამიტომ აღვნიშნე გოლი მასავით. ის გამარჯვებულია მოედანზე და მოედნის მიღმაც“, - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, „რეალმა“ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონა“ ვინისიუსისა და მარიანო დიასის გოლებით 2:0 დაამარცხა და ლა ლიგაში გალიდერდა.

0.142358