სხვა

22:31 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს 2020-ის მასპინძლებმა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველი მოძრავი პიქტოგრამები შექმნეს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველი მოძრავი პიქტოგრამები შექმნეს. სულ შექმნილია 50 პიქტოგრამა და მოიცავს ყველა ოლიმპიურ და პარალიმპურ სპორტის სახეობას. ორგანიზატორთა განცხადებით, იდეა „ასახავს თანამედროვე ხანას", რომელიც სიმბოლიზირებულია 2020 წელს.

„ახალი ანიმირებული პიქტოგრამები არა მარტო გამოხატავენ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მემკვიდრეობას, არამედ ხაზს უსვამენ, რომ ტოკიოს თამაშები იქნება ყველაზე ინოვაციური," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებიდან.

პიქტოგრამები სამი მოძრაობის სერიას ასახავს: გამოჩენა, უძრავ მდგომარეობაში დარჩენა და გაქრობა. ანიმირებული პიქტოგრამები სპორტსმენთა სამგანზომილებიანი მოძრაობის პროექციაა, რომელიც შექმნა იაპონელმა დიზაინერმა კოტა იგუჩიმ.

„პირველად ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ისტორიაში, გამოწვევად მივიღეთ პიქტოგრამებით გაგვეცოცხლებინა სპორტი,"- ამბობს კოტა იგუჩი.

სპორტის ობიექტების გარდა, ანიმაციური პიქტოგრამები განთავსებული იქნება ტოკიო-2020-ის საიტზე, სოციალურ მედიაში თუ საინფორმაციო ციფრულ დაფებზე.

პიქტოგრამების მიზანი სპორტის სახეობათა ვიზუალური ინტერპრეტაციაა, როგორც სპორტსმენებისთვის ისე გულშემატკივრებისთვის.

ტოკიო-2020-ის სტატიკური პიქტოგრამები პირველად წარადგინეს შარშან მარტში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 500 დღით ადრე, პარალიმპური თამაშების პიქტოგრამები კი - ერთი თვის შემდეგ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132666