ფეხბურთი

3:45 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითმა გოლიათი წააქცია, პეპმა - ზიდანი (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი სესია დასრულდა და ახლა საპასუხო მატჩებს უნდა დაველოდოთ. იქამდე კი, „მანჩესტერ სიტიმ“ მეოთხედფინალზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ხოლო ტურინის „იუვენტუსმა“ ნაბიჯი უკან გადადგა და სახლში ვითარების შემოტრიალება მართებს.

პეპ გვარდიოლა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ - ეს პირველად მოხდა (სამწვრთნელო ასპარეზზე). „რეალს“ ბოლო ხანს ცუდი მატჩები დასჩემდა და რეაბილიტაციის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, უეფას ბანმა ინგლისურ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა. „სიტი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმეტესად დომინირებდა და გამარჯვებაც ლოგიკას ექვემდებარება.

გვარდიოლას შეგირდებს არაერთი საგოლე შანსი მიეცათ, მაგრამ ტიბო კურტუა გაუვალი იყო. სამაგიეროდ, მე-60 წუთზე სტუმრებმა შეცდომა დაუშვეს და ანგარიშიც გაიხსნა. ვინისიუსმა ისკო კარგ პოზიციაში დატოვა და ესპანელმა ზუსტად დაარტყა. თუმცა, გაშვებულმა გოლმა „სიტი“ არ დააბნია და პირიქით - ფრთები შეასხა.

მატჩის გმირი უსათუოდ კევინ დე ბრუინი იყო, რომელმაც 78-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსს საგოლე პასი გაუკეთა და ბრაზილიელმა გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში რაჰიმ სტერლინგის მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და მანჩესტერელებს გამარჯვება მოუტანა. ამას სერხიო რამოსის წითელი ბარათიც მოჰყვა, რომელიც საპასუხო მატჩს გამოტოვებს და „რეალის“ მძიმე მდგომარეობას, ეს კიდევ უფრო ართულებს.

პეპ გვარდიოლა ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო. გარდა ამისა, ესპანელმა პლეი-ოფის სტადიაზე 28-ე გამარჯვება იზეიმა და გალიდერდა.

ვთქვათ ისიც, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „რეალი“ მეხუთე ცდაზე დაამარცხა და „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ისტორიაში პირველად იმარჯვა.

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (0:0) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 75 615

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, რამოსი, ვარანი; მენდი; მოდრიჩი (ვასკესი 84), კაზემირო, ვალვერდე; ისკო (იოვიჩი 84), ბენზემა, ვინისიუსი (ბეილი 75)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი (ფერნანდინიო 33), მენდი; გუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი; მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი, ბერნარდო სილვა (სტერლინგი 73)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟესუსი (78), 1:2 დე ბრუინი (83, პენ)

გაფრთხილება: ვალვერდე (48), მოდრიჩი (54) - მენდი (29)

გაძევება: სერხიო რამოსი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

„იუვენტუსი“ „ლიონთან“ მეტად გამოკვეთილი ფავორიტი იყო, ეს გახლდათ პრაქტიკულად დავითისა და გოლიათის ბრძოლა და დავითმა გოლიათი წააქცია. ყოველშემთხვევაში პირველ რაუნდში და პირდაპირ რომ ვთქვათ, ტურინელთა თამაშისა და სეზონის შემხედვარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ ფრანგებმა ტურინში წარმატებას მიაღწიონ.

„იუვემ“ ისე წააგო, რომ კარში საერთოდ არ დაურტყამს და ერთი-ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. იყო პაულო დიბალას სამართლიანად გაუქმებული გოლი და იმავე დიბალაზე არდანიშნული მეტად საეჭვო პენალტი.

„ლიონმა“ კი, პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაჩაგრა და 31-ე წუთზე ლუკას ტუსარის გოლით იმარჯვა. რუდი გარსიას გუნდს ანტრაქტამდე კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ შანსი ვეღარ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში „ლიონმა“ თავი კარგად დაიცვა და მართალია მინიმალური, მაგრამ მაინც უპურატესობა მოიპოვა.

„მანჩესტერ სიტისა“ არ იყოს, „ლიონმაც“ მეხუთე ცდაზე პირველად მოიგო „იუვენტუსთან“. იმასაც გეტყვით, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წლის შემდეგ მესამე მატჩი ჩაატარა ისე, რომ კარში არ დაურტყამს. მანამდე იგივე 2006 წელს „არსენალთან“ და 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ მოხდა. მაურიციო სარის საფიქრალი ძალიან ბევრი აქვს, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომგებს კი არა, ფავორიტსაც არ ჰგავს.

„ლიონი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0) VIDEO

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

მაყურებელი: 57 335

„ლიონი“ (3-5-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; დუბუა (ტეტე 78), გიმარაეში, ტუსარი, ოუარი, კორნე (ანდერსენი 81); ეკამბი (ტერიე 66), დემბელე

მწვრთნელი: რუდი გარსია

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 61), რაბიო (ბერნარდესკი 78); კუადრადო (იგუაინი 70), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 ტუსარი (31)

გაფრთხილება: მარსელო (28), კორნე (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 9 (0) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117338