ფეხბურთი

21:27 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იტალიაში ადაპტაცია ძალიან რთული იყო"

„იუვენტუსის“ ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიხტმა უეფას ვებგვერდს ჩემპიონთა ლიგის წინ ინტერვიუ მისცა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის შანსზე და იტალიაში მის ადაპტაციაზე გააკეთა კომენტარი.

დე ლიხტის განცხადებით, სერია A-ში დაცვაში განსხვავებულ სტილში თამაშობენ და ადაპტაციის პერიოდი ძალიან რთული იყო.

„ადაპტაცია რთული იყო, რადგან ხშირად მეტოქესთან ერთ-ერთზე რჩები. იტალიაში დაცვაში განსხვავებულად თამაშობენ, მაგრამ ამან საშუალება მომცაგავმხდარიყავი ისეთი მცველი, როგორიც დღეს ვარ. ერთი-ერთზე თამაშის არ მეშინია, რადგან ეს „აიაქსში“ ყოფნისას ვისწავლე.

15 წლის ასაკამდე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, გოლებიც გამქონდა, საგოლე პასებსაც ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ ჩემი კარიერისთვის დაცვაში გადასვლა უკეთესი იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ დაცვაში თამაში არ მომწონდა, მაგრამ ახლა ის, რომ თავიდან ნახევარმცველი ვიყავი, ძალიან მეხმარება.

„იუვენტუსი“ იტალიის საუკეთესო გუნდია, უნდათ შეტევა და გამარჯვება. ამჟამინდელ მწვრთნელთან კი უკნიდან გამბედავად ვთამაშობთ და შეტევებს ასე ვიწყებთ. ამისთვის კარგი ტექნიკაა საჭირო, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია და ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილება ბურთთან ყოფნაში მეხმარება.

მნიშვნელოვანია გვჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ვფიქრობ, ყველა გუნდი ოცნებობს გამარჯვებაზე, მაგრამ ვერასდროს იტყვი ვინ მოიგებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვიცით, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და გვაქვს შესაბამისი თვისებები, თუმცა საჭიროა გამართლებაც“, - აღნიშნა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონს“ დაუპირისპირდება და პირველი მატჩი საფრანგეთში 26 თებერვალს გაიმართება. დე ლიხტმა ტურინელთა ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 25-ჯერ დაიცვა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.111182