ავტოსპორტი

1:23 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესის ორღერძიანი საჭე ლეგალურია

ბარსელონაში გამართული პირველი წინსასეზონო ტესტების შემდეგ, ყველას პირზე „მერსედესის“ სიახლე აკერია, რომელსაც ორღერძიანი საჭე (DAS) უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ სისტემას, ტექნიკური რეგლამენტისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხდა, რომ ასე არაა. თუმცა წინდაწინ ისიც ცნობილი გახდა, რომ ასეთი სისტემები 2021 წლიდან აიკრძალება.

სისტემა ასე მუშაობს: სწორზე გასვლისას, პილოტი საჭეს თავისკენ, ღერძის გასწვრივ სწევს, რის შემდეგაც, საკიდარის გეომეტრია, კერძოდ კი ბორბლების შეყრის კუთხე იცვლება. მოსახვევში შესვლის წინ კი პილოტი საჭეს საწყის მდგომარეობაში აბრუნებს. ამგვარად, სხვადასხვა სიჩქარეზე, საბურავების განსხვავებული პოზიცია მიიღწევა, რაც გზასთან ოპტიმალურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამგვარად შესაძლებელია საბურავების ტემპერატურის კონტროლი და სასურველი რეჟიმის უზრუნველყოფს.

„მერსედესში“ ირწმუნებიან, რომ სისტემა ჯერჯერობით გამოცდის რეჟიმშია და რბოლებისას მისი გამოყენება ჯერ გადაწყვეტილი არაა. თუმცა, მეტოქე გუნდების რეაქციის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ DAS-ი ძალიან ეფექტური სისტემაა და თუ ასეა, სამქიმიანები მას აუცილებლად გამოიყენებენ.

რა თქმა უნდა, მსგავსი სისტემის შექმნა სხვა გუნდებსაც შეუძლიათ, მაგრამ ამას ბევრი დროც დასჭირდება და რაც მთავარია, შესაძლოა წინა საკიდარის და შასის გადაკეთებაც კი მოითხოვოს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გავრცელებული მოსაზრებით, სხვა გუნდები მსგავსი სისტემის შექმნას, სეზონის პირველ ნახევარში ვერ მოასწრებენ.

საინტერესოა, რომ ლუის ჰამილტონი DAS ხშირად არ იყენებდა. ამას წინა საბურავების ინტენსიური ცვეთის გამოწვევა შეუძლია, რაც არასასურველია.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=U_uKHNJLSQs

0.130369