ფეხბურთი

16:12 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: "მინდა საქართველოში "მანჩესტერ სიტის" აკადემია გავხსნა"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე საქართველოში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ქართველმა თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ამაში სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „მანჩესტერ სიტის“ მფლობელთან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გუნდის აკადემია საქართველოში გაიხსნას. რა თქმა უნდა, რთულია, რადგან თავისი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. უნდა იყოს მინიმუმ 5 ჰექტარი მიწა, რვა მოედანი, სასტუმრო, სადაც 150 ნომერი იქნება, აუზი, ტრენაჟორები. ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რეალურად 2-3 წლის პერსპექტივაა. „მანჩესტერ სიტისთვის“ ეს ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური გასამრჯელოა. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. „სიტიში“ იციან, რომ აქ ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან და ამიტომ ამას ხელშეწყობა უნდა“, - თქვა ქინქლაძემ „პირველი არხის“ სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძეს „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია და ინგლისურ გუნდში 1995-1998 წლებში თამაშობდა.

0.128082