ფეხბურთი

3:21 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაგიური "ატალანტა" და ნაგელსმანის გაკვეთილი ჟოზეს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველმა სათამაშო დღემ წყვილებში თუ ყველაფერი ღია დატოვა და კითხვის ნიშნები ვერ გააქრო, მეორე სათამაშო დღეს ოდნავ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

ცხადია, მეოთხედფინალისტების ვინაობა ამ შემთხვევაშიც საპასუხო დუელებში გამოვლინდება, მაგრამ კონტურები უკვე გამოიკვეთა, რაზეც მსჯელობა და ფიქრი ნამდვილად შეიძლება. „ატალანტა“ და „ლაიფციგი“, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დებიუტანტები ძალიან ახლოს არიან მეოთხედფინალთან.

მილანში („ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს სწორედ „სან სიროზე“ ატარებს - რედ) „ატალანტამ“ ესპანუ „ვალენსიას“ უმასპინძლა და თავიდანვე ცხადია, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსი ჰქონდა. თუმცა ტრავმების გამო „ღამურებს“ რამდენიმე ფეხბუთელი დააკლდა და ამან ალბერტ სელადესის გუნდს დაღი დაასვა.

და მაინც, ეს დიდად არაფერ კავშირშია იმასთან, რაც ბერგამოელებმა გააკეთეს. 45 ათასი ქომაგი მივიდა სხვა ქალაქში საყვარელი გუნდის ისტორიული თამაშის სანახავად და გასამხნევებლად და არცერთი მათგანი არასდროს ინანებს. „ლა დეა“ მხიარული გუნდია და არატიპიურ იტალიურ ფეხბურთს თამაშობს, გოლების გატანა მის სტიქიაა და დღეს ეს დაამტკიცა.

4:1 - ეს არის ანგარიში, რამაც „ატალანტა“ საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტად აქცია. ესპანელთა რბევა ჰანს ჰატებურმა დაიწყო და მანვე დაასრულა. სხვათა შორის, ის მესამე ნიდერლანდელი ფეხბურთელია მარკო ვან ბასტენისა და კლარენს ზეედორფის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდისთვის დუბლი შეასრულა. სავსებით სამართლიანად, ჰატებური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჰანსის გოლებს შორის იყო ორი შედევრი. ჯერ იოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა ულამაზესი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს და შესვენების შემდეგ უკვე რემო ფროილერმა გაისროლა. „ვალენსია“ ერთი ის მოახერხა, რომ ოთხი გაშვებული გოლის შემდეგ დენის ჩერიშევმა ერთი ბურთი გაქვითა. შედეგად, სელადესის გუნდმა მცირედი იმედი დაიტოვა, მაგრამ შანსი ნამდვილად მცირეა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ „ვალენსია“ ერთია სტუმრად და მეორე „მესტალიაზე“. ვნახოთ, 10 მარტს შეძლებენ თუ არა ვალენსიელები სასწაულის მოხდენას.

„ატალანტა“ – „ვალენსია“ 4:1 (2:0) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 45 000

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი, პალომინო, კალდარა (ძაპატა 75); ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი (მალინოვსკი 81), პაშალიჩი (ტამეზე 90); ილიჩიჩი

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„ვალენსია“ (4-4-2): დომენეკი; ვასი, დიახაბი, მანგალა, გაია; სოლერი, კონდოგბია, პარეხო, ფერან ტორესი; გედეში (ჩერიშევი 64), მაქსი გომესი (გამეირო 73)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლები: 1:0 ჰატებური (16), 2:0 ილიჩიჩი (42), 3:0 ფროილერი (57), 4:0 ჰატებური (62), 4:1 ჩერიშევი (66)

გაფრთხილება: ჰატებური (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 14 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

ფავორიტი გვყავს ამ სათამაში დღის მეორე წყვილშიც და ის „ლაიფციგია“. გერმანულ გუნდს გაცილებით კარგი სეზონი აქვს, ვიდრე შარშანდელ ფინალისტ „ტოტენჰემს“, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს იულიან ნაგელსმანის შეგირდები ასე დაჩაგრავდნენ.

რედ ბულელები მთელი თამაში დომინირებდნენ და უფრო მეტად მწვავედაც უტევდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს ბენ დევისმა საჯარიმოში იუხეშა და პენალტი ტიმო ვერნარმა გაიტანა. პირველი რაუნდიც გერმანელი ფორვარდის ერთმა გოლმა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, „დეზებს“ შანსი აქვთ, მაგრამ ამ თამაშის ფონზე, რაც ლონდონში აჩვენა, რთულად დასაჯერებელია, რომ სტუმრად გერმანიაში სიტუაციის გამოსწორებას მოახერხებს. ვთქვათ ისიც, რომ „ლაიფციგმა“ პირველად მოიგო ინგლისური გუნდის წინააღმდეგ.

ხსენებული ორივე წყვილის საპასუხო მატჩები 10 მარტს გაიმართება.

„ტოტენჰემი“ – „ლაიფციგი“ 0:1 (0:0) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსფურ არენა“

მაყურებელი: 65 000

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი; ვინკსი, გედსონ ფერნანდესი (ნდომბელე 64); ლო სელსო, ალი (ლამელა 64) , ბერგვინი; ლუკას მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაში; კლოსტერმანი, ამპადუ, ჰალსტენბერგი; მუკიელე, ზაბიცერი, ლაიმერი (ფორსბერგი 83), ანხელინო; ნკუნკუ (ჰაიდარა 74), ვერნერი; შიკი (პოულსენი 77)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლი: 0:1 ვერნერი (58, პენ)

გაფრთხილება: ლო სელსო (10), დევისი (56), ლამელა (90) - ზაბიცერი (12), ვერნერი (33), ნკუნკუ (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 9 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.143875