კალათბურთი

23:37 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო შვეიცარიასთან მატჩს მოტივირებული ხვდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება, რომელიც ილიაზ ზუროსის გუნდისთვის ფორმალური ხასიათისაა, რადგან მასპინძლის რანგში უკვე მოპპოვებული აქვს ფინალური ეტაპის საგზური.

ამის მიუხედავად, ფიბა-ს რეგულაციის თანახმად, შესარჩევში მაინც მონაწილეობს და ევროპის ჩემპიონატისთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპია. ქართველი კალათბურთელები ხვალ შვეიცარიას თბილისის „სპორტის სასახლეში“ უმასპინძლებენ.

მატჩის წინ კომენტარები საქართველოს ნაკრების გამოცდილმა კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა გააკეთეს.

დუდა სანაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ვიცით, რომ უკონკურსოდ გამოვდივართ, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი გეგმაა, რომ ევრობასკეტისთვის კარგად მოვემზადოთ. ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შვეიცარია ძლიერი გუნდია და მობილიზებულნი ვართ, ყველა მწყობრში ვართ და საბრძოლო განწყობაა. მინდა მოვუწოდო ხალხს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ როგორც ყოველთვის და გულშემატკივარს კარგ თამაშს ვპირდებით“.

გიორგი შერმადინი: „ყოველთვის სასიხარულოა ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში. ბევრი ახალი სახე გვყავს, ახალგაზრდაა და გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ხვალინდელ თამაშში, როდესაც ნახავენ სპორტის სასახლეს გავსებულს, სხვა განწყობა ექნებათ და იმედია გულშემატკივარი დარბაზს გაავსებს. შვეიცარია რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, ადვილი არ იქნება, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და იმედია, რომ გაიმარჯვებთ“.

ილიას ზუროსი: „16 თებერვლიდან დავიწყეთ მომზადება ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისთვის. მართალია, ევრობასკეტი 2021-ის საგზური, როგორც მასპინძელს მიღებული გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის შესარჩევ მატჩებს დიდი მნიშვნელობა აქვს – მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ ევრობასკეტისთვის. გვჭირდება მათი დახმარება, ნაკრებისთვის აუცილებელია ახალი სისხლი და სწორედ ახლა უნდა ვნახოთ სად ვართ და ვისი იმედი უნდა გვქონდეს 2021 წელს. – წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ 20 თებერვალს დაგეგმილ შვეიცარიასთან მატჩში ქართველი გულშემატივარი ნაკრებში ახალ სახეებს იხილავს. წინასწარ შემიძლია ვთქვა. რომ ეს იოლი თამაში არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ კალათბურთში იოლი შეხვედრები არ არსებობს. – მატჩებისთვის მოსამზადებლად სულ სამი დღე გვაქვს, რაც ძალიან ცოტა დროა, განსაკუთრებით ჩვენს სიტუაციაში, როცა ახალი გუნდი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი. კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია და შედეგის მისაღწევად საჭიროა თითოეული კალათბურთელი კარგად იცნობდეს და კარგად უგებდეს პარტნიორს. კარგია, რომ გვყავს ძალიან გამოცდილი, მაღალი დონის ლეგიონერები რომლებისგანაც ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან და ევრობასკეტზე სათანადოდ მომზადებული გუნდი გვეყოლება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია ვერ ეხმარებიან, რადგან მათი კლუბები პარალელურად თამაშობენ. საქართველო - შვეიცარიის მატჩი 20 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113668