ფეხბურთი

3:36 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არწივი" გაფრინდა!

რომის „ლაციო“ 2015 წლის შემდეგ პირველად სერია A-ში მეორე ადგილზეა. დიახ, სიმონე ინძაგის გუნდმა მილანის „ინტერთან“ მეტად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ დიდი გეგმები აქვს და მხოლოდ სკუდეტოს უმიზნებს.

რომში ჩინებული მატჩი შედგა, დაძაბული და ეშხიანი, ჩემპიონობისთვის შემართულ გუნდებს რომ ეკადრებთა. ოდნავ უკეთ „ლაციო“ გამოიყურებოდა და ეს საკმარისი გამოდგა, რომ გამარჯვება ეზეიმა. თუმცა, თავიდან „ინტერის“ სასარგებლოდ ტირალებდა ჩარხი და პირველი ტაიმის მიწურულს ეშლი იანგმა „ნერაძურის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

გუნდები შესვენებაზე ასე გავიდნენ, მაგრამ ნაანტრაქტევს „ლაციო“ კიდევ უფრო შემართული იყო. დაცვაში შეცდომა ლომბარდიელებს პენალტად დაუჯდათ, რომელიც ჩირო იმმობილემ გაიტანა და მიმდინარე სეზონში 26-ე გოლი მიითვალა, რითაც ბომბარდირთა დავაში უპირატესობა კრიშტიანუ რონალდუსთან 6 გოლით გაიმყარა. „ლაციო“ ფრეზე ყაბუს არ იყო და საწადელსაც მიაღწია. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, რომელმაც უბრალოდ ფენომენალური თამაში აჩვენა, 69-ე წუთზე „არწივები“ დააწინაურა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლაციომ“ ზედიზედ მე-19 წაუგებელი მატჩი ჩაატარა, ანუ მთელი ერთი წრე. რომაელები ბოლოს პირველ წრეში სწორედ „ინტერთან“ დამარცხდნენ! „ლაციალემ“ 56 ქულას მოუყარა თავი, რაც 24 ტურის თავზე ისტორიაში არასდროს ჰქონია, არც მაშინ, 2000 წელს, სკუდეტო რომ მოიგო... როგორც დასაწყისშივე ვთქვით, 2015 წლის შემდეგ პირველადა სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე და „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა კინკილა ქულაა. ინძაგი არ მალავს, რომ სკუდეტო უკვე მიზანია და სჯერა, რომ მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. „ინტერიც“ იქვეა და ერთი წაგებით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ლიდერობა დაკარგა, მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა და „იუვეს“ 3 ქულით ჩამორჩა. სხვათა შორის, „ნერაძური“ მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად დამარცხდა და საერთოდაც, ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შინ „იუვენტუსთან“ დამარცხდა, სერია A-ში მეორე მარცხი განიცადა. ასე, რომ ყველაფერი წინაა.

იქამდე, სანამ კონკურენტების გზები მარადიულ ქალაქში გადაიკვეთებოდა, „იუვენტუსმა“ „ბრეშას“ უმასპინძლა და გამარჯვება უპრობლემოდ მოახერხა. პირველ ტაიმში პაულო დიბალამ ჯარიმა გაიტანა, მეორე ნახევარში ხუან კუადრადომ სხვაობა უფრო სოლიდური გახადა. არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც დაისვენა, სამაგიეროდ ითამაშა ჯორჯო კიელინიმ. დიახ, ტურინელთა გამოცდილი კაპიტანი მოედანზე აგვისტოს შემდეგ პირველად გავიდა და ადგილობრივი პუბლიკა დიდი სიხარულითა და ემოციით შეეგება. ჯორჯომ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დაბრუნებისკენ დიდი სიგნალია, რადგან ხუთნახევარი თვე გამოტოვა მძიმე ტრავმის მიზეზით და რა გასაკვირია, რომ ჯერ 90 წუთისთვის მზად არაა. გარდა იმისა, რომ კიელინის დაბრუნება „იუვესთვის“ შესანიშნავი ცნობაა, ისიც გასახარია, რომ ლიდერობა დაიბრუნა და პირველ პოზიციას „ინტერთან“ აღარ იყოფს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, კონკურენტები კუდზე აზიან და მოდუნების უფლება ალბათ სეზონის ბოლომდე არცერთს ექნება. ამას რა ჯობია, ჩვენ ძალიან მაგარი ამბები გველოდება.

ჯენარო გატუზოს „ნაპოლი“ კი, ნელ-ნელა ფერზე მოდის და სარდინიაზე „კალიარი“ მძიმედ კი დაამარცხა, მაგრამ დაამარცხა და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ნეაპოლიტანელები ნელ-ნელა ევროპა ლიგის ზონასაც უახლოვდებიან.

სხვა მატჩებიდან ცალსახად გამოსარჩევია ფლორენციის „ფიორენტინას“ გოლეადა გენუაში, „სამპდორიასთან“, რომელიც 5:1 გაანადგურა. სერია A-ს XXIV ტური კი, ორშაბათს, „მილანისა“ და „ტორინოს“ დუელით დასრულდება.

„ლაციო“ – „ინტერი“ 2:1 (0:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ; მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა (კატალდი 80), ლუის ალბერტო, ჯონი (ლაძარი 64); კაისედო (კორეა 63), იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ინტერი“ (3-5-2): პადელი; გოდინი (სანჩესი 86), დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა (მოზესი 76), ვესინო, ბროჟოვიჩი (ერიკსენი 77), ბარელა, იანგი; ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 იანგი (44), 1:1 იმმობილე (50, პენ), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (69)

გაფრთხილება: ლუკას ლეივა (51), ლუის ფელიპე (58), ლაძარი (90), მილინკოვიჩ-სავიჩი (90) - დე ვრეი (49), გოდინი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„უდინეზე“ – „ვერონა“ 0:0 (0:0)

„იუვენტუსი“ – „ბრეშა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიბალა (39), 2:0 კუადრადო (75)

„სამპდორია“ – „ფიორენტინა“ 1:5 (0:3)

გოლები: 0:1 ტორსბი (8, ა.გ), 0:2 ვლაჰოვიჩი (18, პენ), 0:3 კიეზა (40, პენ), 0:4 ვლაჰოვიჩი (57), 0:5 კიეზა (78), 1:5 გაბიადინი (90)

„სასუოლო“ – „პარმა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჟერვინიო (25)

„კალიარი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მერტენსი (66)

თეგებისერია A
0.147513