ჭიდაობა

21:42 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები, თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

61 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ძალზე დასანანი მარცხი განიცადა რუს ალექსანდრ ბოგომოევთან - 2:3. თავიდან რუსი უპირატესობას ფლობდა და 3:0 დაწინაურდა, ხოლო შემდეგ ლომთაძემ იაქტიურა, ორი ქულაც მოიპოვა და ბოლოს შეტევაზე მწვავედ გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ეყო და მარცხი განიცადა.

ბექამ ფინალამდე რუმინელი ნიკოლა ოხლოპკო (10:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი (10:0) და აზერბაიჯენლი ინტიგამ ვალიზადა (2:1) დაამარცხა.

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა რომში თავდაპირველად სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 9:2 დაამარცხა, შემდეგ კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან თავად დამარცხდა 2:9 და ვინაიდან რუსი ფინალში გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა. დამამშვიდებელ წრეში ავთანდილმა ესპანელ ჯონათან ალვარეს დიასს 10:0 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენებური ბულგარელ მიროსლავ კიროვს გაეჯიბრა და უპირატესობას თავიდანვე დაუეფლა და საბოლოოდ აშკარა უპირატესობით 8:0 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს 92 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი მწითური იჭიდავებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატი გენო პეტრიაშვილის ფინალით დასრულდება, რომელშიც გენო პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდება. გუშინ კი, ბრინჯაოს მედალს ელიზბარ ოდიკაძე დაეუფლა. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ვეცხლი და 2 ბრინჯაოა, ხოლო დღეს ოქროს და ბრინჯაოს მოპოვების შანსი არსებობს.

0.153611