ავტოსპორტი

2:20 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესი ისევ საჩემპიონოდ ემზადება

„მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - W11 გაგვაცნო, რომელიც წინა სეზონის ჩემპიონი მანქანის მოდიფიცირებული ვარიანტია. გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ირწმუნება, რომ ეს არის „მერსედესის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი მანქანა.

ფაქტია, რომ სამქიმიანებმა ისედაც საუკეთესო მანქანას ბევრი რამ შეუცვალეს. ინჟინრებს ხელუხლებლად მანქანის პრაქტიკულად არცერთი ნაწილი არ დაუტოვებიათ. კიდევ უფრო დაიხვეწა აეროდინამიკა, გაუმჯობესდა ძრავი, რომელიც ახლა უფრო მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში მუშაობს, ამან კი ინჟინრებს მომცრო რადიატორების და მათი კორპუსების გამოყენების საშუალება მისცა.

ელისონი ამბობს, რომ შეიცვალა უკანა დაკიდების სისტემის კონფიგურაცია, რამაც აეროდინამიკის სპეციალისტებს მეტი თავისუფალი სივრცე შეუქმნა. რადიატორების კორპუსების გაბარიტები შემცირდა. დაბლა დასწიეს გვედითი დამცავი სტრუქტურები, რამაც ასევე აეროდინამიკის დახვეწას შეუწყო ხელი.

„მერსედესის“ მაღალი წარმადობის ძრავების განყოფილების დირექტორი ენდი კოუელი ამბობს, რომ ინჟინრებმა ახალი ძალური დანადგარის (M11 EQ) შემუშავებისას, სარბოლო სერია ფორმულა E-ში მიღებული გამოცდილება გამოიყენეს.

გუნდმა ახალი მანქანა სილვერსტოუნზე პირველად გამოსცადა. მალე კი მას ბარსელონაში გაგზავნის, სადაც ლუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი, წინასასეზონო ტესტებში ჩაებმებიან.

0.110236