ჭიდაობა

18:23 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს სამი ნახევარფინალისტი ჰყავს - ბექა ლომთაძე, ირაკლი მწითური და გენო პეტრიაშვილი.

61 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ თავდაპირველად რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი 10:0 და შემდეგ მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი 8:0 დაამარცხა. ნახევარფინალში ბექა აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას დაეჭიდება.

92 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალში გავიდა ირაკლი მწითური. ქართველმა ფალავანმა საწყის ეტაპზე კოსოვოელი ედონ შალა 12:0 გაანდგურა, მერე კი მოლდოველ გეორგია რუბაევს მძიმე ბრძოლაში ბოლო წამებზე მოპოვებული უპირატესობით 7:5 აჯობა. ფინალის საგზურისთვის ირაკლის თურქი ფალავნის, სულეიმან კარადენიზის ძლევა მართებს.

მესამე ნახევარფინალისტი მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილია. 125 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ესპანელ ხოსე ვასკესს მარტივად, 10:0 აჯობა და მეოთხედფინალში რუსი ნალდან ციჟიპოვიც არ ყოფილა პრობლემა და სამ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა, რომ 11:0 ემარჯვა. გენო ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის შეხვდება.

86 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან დავით მასრაგიშვილი, მაგრამ წამები დააკლდა. თავდაპირველად მარსაგიშივილმა მძიმე შეხვედრაში თურქი ფათიჰ ერდინი უფრო მაღალ ქულიანი გდების წყალობით დაამარცხა (4:4) და შემდეგ მეოთხედფინალში სლოვაკ ბორის მაკოევთან დასაწყისშივე დაწინაურდა 2:0. ამ ანგარიშს მარსაგიშვილი შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ თავად მიიღო 2 ქულა და შეხვედრა 2:2 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულების წყალობით შემდეგ ეტაპზე მაკოევი გავიდა. მეტად დასანანი მარცხი იყო და ახლა თუ სლოვაკი ფინალში გავა, მარსაგიშვილი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

საწყისი შეხვედრა მოიგო 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემაც, რომელმაც სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 9:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა, რომელსაც პირველი პერიოდი 2:1 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ, 2:9 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. რუსი თუ ფინალში გავა, კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ მირზა სხულუხია (70 კგ), რომელიც თურქ ჰაიდარ იავუზს დაუპირისირდება და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), რომლის მეტოქე აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114754