ავტოსპორტი

18:01 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკლარენმა ახალი სარბოლო მანქანა გაგვაცნო

MCL35 - ასე ჰქვია „მაკლარენის“ ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც უოკინგელები ფორმულა 1-ის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ. ავტომობილის წარდგენის ცერემონია, კომპანიის ტექნოლოგიურ ცენტრში გაიმართა.

„ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. გუშინ საღამოს, გუნდის ყველა წევრმა MCL35 პირველად იხილა აწყობილი სახით. გუნდის ყველა წევრმა დრო და ენერგია არ დაიშურა იმისათვის, რომ MCL35 დროულად შეემუშავებინათ, აეწყოთ და წინასასეზონო ტესტებისთვის მოემზადებინათ“, - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეას ზიდლმა.

ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს კიმ ახალი მანქანის ძირითადი თავისებურებანი გამოჰყო. ესაა ახალი მქრქალი საღებავი, რომელიც სიმსუბუქით გამოირჩევა და რადიატორების უფრო ვიწრო კორპუსები. MCL35 პირველი მანქანა, რომელიც გუნდმა „ტორო როსოდან“ გადმოსული კის ხელმძღვანელობით შექმნა.

მანქანის ფერი იგივე დარჩა, მაგრამ მქრქალი საღებავის გამოყენებით, დაიზოგა წონა, რასაც ინჟინრები ბალასტის ოპტიმალურად გადანაწილებისთვის გამოიყენებენ. საინტერესოა, რომ ასეთ საღებავს აქამდე მხოლოდ „ფერარი“ და რედ ბული“ იყენებდნენ, რადგან ის საღებავის ქვეშ კარბონის კორპუსის გადახურებას იწვევს და მთლიანობაში, მანქანის გაგრილებას ართულებს. მოკლედ, „მაკლარენი“ მესამე გუნდია, რომელმაც ასეთი საღებავის გამოყენება გაბედა.

შეიცვალა აეროდინამიკური კონცეპცია, რამაც მანქანის ცხვირის და წინა ფრთების გადაკეთება მოითხოვა. ცხვირიდან გააქრეს ე.წ. ნესტოები, ფრთების კონფიგურაცია კი ისეთია, რომ რადიატორებისკენ ჰაერის მეტნაკლებად სუფთა ჭავლის მისვლა უზრუნველყოს. დაპატარავდა რადიატორის ჰაერის ამღები ჭრილები. ამიერიდან, გასაგრილებელი ჰაერის ნაწილს რადიატორებს იმ ჭრილიდან აწვდიან, საიდანაც ჰაერით ძრავი მარაგდება. მაქსიმალურად დავიწროვდა უკანა ნაწილი, რასაც გადაცემათა კოლოფის მოდიფიკაცია დასჭირდა.

კი ამბობს, რომ ახალი მანქანა, შარშანდელი MCL34-ის საფუძვლიანად მოდიფიცირებული ვარიანტია. „მაკლარენისთვის“ MCL34 ყველაზე წარმატებული მანქანა V6 ჰიბრიდული ძალური დანადგარების ეპოქაში. გასულ სეზონში ის სულ უფრო იხვეწებოდა და ინჟინრებმა ბევრი ისეთი ელემენტიც შეიმუშავეს, რომელტა გამოყენებაც იმთავითვე MCL35-ზე იგეგმებოდა.

ზიდლმა განაცხადა, რომ გუნდი MCL35-ის სრულყოფაზე მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს და ამ პროცესს ხელს არ შეუშლის ის გარემოება, რომ 2021 წლის სეზონის მანქანაზე მუშაობა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყება.

„მაკლარენის“ მთავარ აღმასრულებელ ზეკ ბრაუნის განცხადებით, ამ ეტაპზე, გუნდის მთავარ მიზანს, შარშან დაკავებული მეოთხე ადგილის შენარჩუნება და პირველ სამეულთან ჩამორჩენის შემცირება წარმოადგენს.

0.128407