ფეხბურთი

3:18 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური დერბი, შეშლილი სერია A

დიდი ხანია ასეთი ეშხიანი, დაძაბული და საინტერესო სერია A არ გვინახავს. ალბათ, 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც სკუდეტოსთვის ბოლო ტურშიც კი, სამი გუნდი, „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „რომა“ იბრძოდა.

სამეული ახლაც თითქმის იგივეა, „რომა“ თანაქალაქელმა „ლაციომ“ ჩაანაცვლა. ცხადია არც ის ვიცით, მაშინდელივით ბოლო ტურამდე სამივეს ექნება შანსი და უკანასკნელი ტური გადაწყვეტს თუ არა ჩემპიონის ვინაობას, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს ახლა იმის საფუძველი, რომ სხვაგვარად ვიფიქროთ - გამორიცხული არაფერია.

23 ტურის შემდეგ კი, ლეგა კალჩოში მართლაც ძალიან მაგარი ამბებია, შეიძლება გადაირიო კიდევ ფეხბურთის გურმანი და ერთი რამ ეჭვგარეშეა: კიდევ უფრო მაგარი წინ გველოდება.

„იუვენტუსმა“ შაბათს წააგო და კონკურენტებს შანსი რომ მისცა, ამის თხრობით თავს არ შეგაწყენთ. მითუფრო, რომ აპენინზე ისეთი მაგარი თამაში შედგა, კაცი უკეთესს რომ ვერ ნახავდა. დერბი დელა მადონინა - იგივე მილანური დერბი. აქ უკვე სიტყვები ზედმეტია და „მილანისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება მუდმივად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია.

„სან სიროზე“ ძალიან მაგრად ჩამოცხა და გუნდებმა ისეთი დრამა გვანახეს, დიდხანს რომ ჩაგვრჩება მეხსიერებაში. იყო ორი განსხვავებული ტაიმი და ორი განსხვავებული გუნდი, თანაც რადიკალურად. საწყისი 45 წუთი შავ-წითელი იყო, მეორე ნახევარი შავ-ლურჯი.

„მილანი“ მართლაც კარგად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში და ლოგიკურადაც მიიღო უპირატესობა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, არაფერში წაადგა. მე-40 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2.53 მეტრის სიმაღლეზე აიწია ჰაერში (კრიშტიანუ რონალდუს შედეგამდე ცოტა დააკლდა) და ანტე რებიჩს გაატანინა. ხორვატმა „როსონერი“ დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმი კიდევ უფრო კარგს უქადდა სტეფანო პიოლის გუნდს. სულ მალე ლეგენდარულმა შვედმა თავად გაიტანა! ზლატანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მილანურ დერბიში თავი გამოიჩინა. ფანტასტიკური დასასრული, „მილანმა“ ანტონიო კონტეს გუნდი საკუთარ საჯარიმოში გამოკეტა და შესვენებაზე ისეთ ხასიათზე გავიდა, უკეთესი რომ არ შეიძლებოდა.

თუმცა, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. არ ვიცით, რა უთხრა ანტონიო კონტემ თავის შეგირდებს შესვენებაზე, მაგრამ უმჯობესია არც ვიცოდეთ. იტალიელი რომ სიმშვიდით არ გამოირჩევა, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია და ფაქტი ერთია - კონტეს შეუძლია ფეხბურთელების მოტივაცია. „ინტერი“ გამოვიდა მოედანზე და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამაზე დიდი ზეგავლენა სწრაფმა გოლმა იმოქმედა, რომელიც მარსელო ბროჟოვიჩმა მოხდენილ სტილში გაიტანა. „მილანს“ პირველი გოლი გაშვებული არ ჰქონდა, მეორეც რომ გაუშვა. მატიას ვესინომ გაათანაბრა და ნათელი გახდა, რომ „ნერაძურიმ“ მოსისხლე მეტოქე დაიჭირა.

ასეთ სცენარს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა, რადგან „მილანი“ აშკარად აგონიაში ჩავარდა, „ინტერმა“ პირიქით უდიდესი მუხტი მიიღო, თანაც ტიფოზებიც ამხნევებდნენ და ანტონიო კანდრევას კუთხური სტეფან დე ვრეის თავურით დააგვირგვინა - 3:2. ბოლოს უკვე რომელუ ლუკაკუმაც გაიტანა და ეს ბოლო ლურსმანი იყო. 0:2-დან 4:2! ანტონიო კონტეს გუნდის ფანტასტიკური ქამ-ბექი. სხვათა შორის, „ინტერმა“ ზედიზედ მეოთხე მილანური დერბი მოიგო და ამაზე უკეთესი სერია ბოლოს 1983 წელს ჰქონდა, როცა მიჯრით ხუთჯერ დაამარცხა თანაქალაქელი. კიდევ ერთი: „ნერაძურიმ“ დერბი დელა მადონინა ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად კი ეს შორეულ 1949 წელს ჰქონდა გაკეთებული (6:5).

ამასობაში „ინტერმა“ 54 ქულა დააგროვა და ტურინის „იუვენტუსს“ გაუტოლდა. ცხადია, კონტეს გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ეს ნამატჩევს არც დაუმალავს - ახლა სკუდეტოზე ოცნებაც შეიძლებაო.

„ინტერი“ და „იუვენტუსი“ ცხადია, მაგრამ იქვეა რომის „ლაციო“, რომელიც ლიდერთა დუეტს კინკილა ქულით ჩამორჩება. სიმონე ინძაგის გუნდი შეუდარებელ სეზონს ატარებს, შეიძლება ისტორიაში საუკეთესოსაც. ყოველშემთხვევაში, „არწივებს“ სერია A-ში უკვე 18 ტურია არ წაუგიათ და თავიანთ ისტორიაში საუკეთესო შედეგს უწიეს. „ლაციომ“ მორიგი გამარჯვება პარმაში ფელიპე კაისედოს გოლით მოიპოვა. მართალია, მასპინძელთა თავკაცი რობერტო დ’ავერსა მსაჯობით ერთობ უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ფაქტი უტყუარია - „ლაციო“ 53 ქულით სკუდეტოზე სრულუფლებიან პრეტენზიას აცხადებს. სხვათა შორის, მომდევნო ტურშიც დიდი ამბები გველოდება, რადგან რომში, „ლაციო“ მილანის „ინტერს“ დაუხვდება.

„ინტერი“ – „მილანი“ 4:2 (0:2)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 80 000

„ინტერი“ (3-5-2): პადელი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა (მოზესი 80), ბარელა, ბროჟოვიჩი, ვესინო, იანგი (ბირაგი 90); ლუკაკუ, სანჩესი (ერიკსენი 72)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„მილანი“ (4-4-1-1): დონარუმა; კონტი, კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; კასტილიეხო (ლეაო 80), კესიე (პაკეტა 81), ბენასერი, რებიჩი (ბონავენტურა 84); ჩალჰანოღლუ; იბრაჰიმოვიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 რებიჩი (40), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (45), 1:2 ბროჟოვიჩი (51), 2:2 ვესინო (53), 3:2 დე ვრეი (70), 4:2 ლუკაკუ (90)

გაფრთხილება: ვესინო (47), ბარელა (55), შკრინიარი (55), ლუკაკუ (90) - კესიე (61), კონტი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (11) – 8 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„სპალი“ – „სასუოლო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბონიფაცი (23), 1:1 კაპუტო (65, პენ), 1:2 ბოგა (90)

„ბრეშა“ – „უდინეზე“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბიზოლი (81), 1:1 დე პაული (90)

„ჯენოა“ – „კალიარი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პანდევი (43)

„ნაპოლი“ – „ლეჩე“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაპადულა (29), 1:1 მილიკი (48), 1:2 ლაპადულა (61), 1:3 მანკოსუ (82), 2:3 კალეხონი (90)

„პარმა“ – „ლაციო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კაისედო (41)

თეგებისერია A
0.155293