კალათბურთი

14:48 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 17 ქულა და სეტონ ჰოლის ისტორიული გამარჯვება ვილანოვასთან

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტური ლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ქართველი ფორვარდი გახლდათ. სეტონჰოლელი “პირატები” ფილადელფიას ეწვივნენ, სადაც პირთამდე სავსე (20 706) Wells Pargo Center-ში სახელოვანი “ვილანოვა” 70:64 (სტატისტიკა) დაამარცხეს.

სეტონ ჰოლმა ამ გამარჯვებით შეწყვიტა დანავსული სერია, რომლის განმავლობაშიც ვილანოვასთან სტუმრად ზედიზედ 17 მატჩი ჰქონდა წაგებული. მამუკელაშვილის გუნდმა ბოლოს ვილანოვა მისსავე მოედანზე 1994 წლის 26 თებერვალს დაამარცხა, რის შემდეგაც, 2016 და 2018 წლებში ვილანოვა ორჯერ გახდა NCAA-ის ჩემპიონი, სეტონ ჰოლი კი არათუ ოთხთა ფინალში, sweet 16-შიც არ გასულა.

მთლიანობაში სეტონ ჰოლი და ვილანოვა ერთმანეთს 118-ედ შეხვდნენ, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა ორივე გუნდი რეიტინგების მოწინავე 25-ეულშია. ამ მატჩამდე ვილანოვა მე-10 იყო, ხოლო სეტონ ჰოლი მე-12. მამუკელაშვილის გუნდს ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგში სოლიდური დაწინაურება ელის, ზოგიერთი წინასარეიტინგო პროგნოზებით კი “პირატები” მე-3 ადგილამდეც შეიძლება აღზევდნენ.

ეს ყველაფერი ხდება ლიგაში, სადაც 477 გუნდი 32 კონფერენციაშია გადანაწილებული. სეტონ ჰოლი ერთ-ერთ მოწინავე – Big East-ის კონფერენციაშია, სადაც ლიდერი სწორედ მამუკელაშვილის გუნდია. სეტონ ჰოლი ამ მატჩამდე 2 მოგებით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ ვილანოვას და მისი დამარცხებით ლიდერობა იმდენად სოლიდური შეიქმნა, რომ რეგულარულ ჩემპიონატს დიდი ალბათობით პირველ ადგილზე დაასრულებს, რის შემდეგაც დაიწყება Big East-ის ჩემპიონატი, სადაც 10-გუნდიანი კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფის სისტემით გაითამაშებს საჩემპიონო ტიტულს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება NCAA-ის ჩემპიონატი, რომელშიც ყველა კონფერენციის ჩემპიონი – ანუ 32 გუნდი შევა და მათ დაემატებიან რეიტინგის მოწინავები იმგვარად, რომ მთლიანობაში 64 გუნდი შეივსოს და დაიწყოს ეგრედ წოდებული მარტის სიგიჟე, რომელიც სრულიად ამერიკის სტუდენტური ლიგის ჩემპიონს გამოავლენს.

სანდრო ვილანოვასთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ლიდერი იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება ისე მიითვალა, მოედანზე 36 წუთის განმავლობაში მყოფს ბურთი არ დაუკარგავს. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო. გუნდის სტატისტიკურმა ლიდერმა მაილს პოუელმა 19 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. საკვანძი იყომომენტი, როცა საფინალო სირენამდე 4:30 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ფარქვეშიდან ორჯერ ააცილა და ორჯერვე მოხსნა, შეტევა მესამე ცდაზე წარმატებით დააგვირგვინა და სეტონ ჰოლი 57:71 დააწინაურა.

10 მოგებითა და 1 მარცხით სეტონ ჰოლი დამაჯერებლად ლიდერობს Big East-ის კონფერენციას. შემდეგ მატჩს “პირატები” 13 თებერვალს, შინ “კრეიტონთან” გამართავენ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118421