ავტოსპორტი

3:31 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასმა“ 2020 წლის სარბოლო მანქანა პირველმა გვიჩვენა

„ჰაასი“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთაგან პირველი გუნდია, რომელმაც 2020 წლის სეზონისთვის მომზადებული სარბოლო ავტომობილი, VF-20 გვიჩვენა. ამერიკული გუნდისთვის ეს ფ1-ის მეხუთე სარბოლო მანქანაა. ის იმავე ფერებს დაუბრუნდა, რომლითაც დიდი პრიზების არენაზე, ოთხი წლის წინ, პირველად გამოჩნდა.

„ჰაასისთვის“ გასული სეზონი წარუმსტებელი იყო. არადა, დასაწყისი კარგი გამოდგა - კევინ მაგნუსენმა პირველივე რბოლაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მაგრამ შემდეგ გუნდს რეგრესი დაეტყო. მისი პილოტები კვალიფიკაციაში კარგად ასპარეზობდნენ, მაგრამ რბოლისას, საბურავების პრობლემები ჰქონდათ. და საბოლოოდ, „ჰაასმა“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე დაასრულა.

შუა სეზონში გუნდმა აღიარა, რომ მანქანის შემუშავებისას, ფუნდამენტური შეცდომა იქნა დაშვებული, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის იქნებოდა შესაძლებელი. „ჰაასის“ მფლობელი ჟენე ჰაასი იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში, გუნდი იმ ფორმას დაუბრუნდება, რომელიც 2018 წლის სეზონში მიღწეული წარმატების (მე-5 ადგილი კონსტრუქტორთა პირველობაზე) გამეორების საშუალებას მისცემს. ოპტიმისტური განწყობა აქვს გუნდის შეფ გიუნტერ შტაინერსაც.

ახალი მანქანა წინამორბედისგან თითქმის არ განსხვავდება. გამოქვეყნბულ ფოტოებზე ჩანს, რომ შეიცვალა წინა ფრთა, რომელსაც „ფერარის“ სტილში, გარსშემოდენილი ფორმა აქვს. სხვა მხრივ, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ვიზუალური სიახლეები არ ჩანს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ „ჰაასი“ მათ ტესტებისთვის ინახავს.

ახალ სეზონშიც გუნდის პილოტები იქნებიან ფრანგი რომენ გროჟანი და დანიელი კევინ მაგნუსენი.

0.137281