ფეხბურთი

2:06 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "რატომ კვიპროსი? არ მინდოდა ნაკრების თამაშები გამომეტოვებინა"
"რუსეთში დარჩენა აღარ მინდოდა, დრო იყო რაღაც შემეცვალა"

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Championat-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოსკოვის „სპარტაკიდან“ წასვლის მიზეზებზე ღიად ისაუბრა. ქართველი შემტევის განცხადებით, რუსეთიდან წასვლის დრო იყო და არც იჯარით სურდა სხვა გუნდში გადასვლა, რადგან ამას უბრალოდ აზრი არ ექნებოდა.

ჯანომ კვიპროსში გადაბარგების შესახებაც ისაუბრა და განმარტა მოტივი, რატომ აირჩია „ანორთოსისი“ და არა სხვა გუნდი. სხვათა შორის, როგორც თავად თქვა, წინადადებები ბელგიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდანაც ჰქონდა.

- თქვენ „სპარტაკის“ ყველაზე სტაჟიანი წევრი იყავით. როდის მიხვდით, რომ ამბავი დასრულდა?

- ჯერ კიდევ კონონოვის მწვრთნელობის დროს. როდესაც „სპარტაკში“ მოვიდა, ვისაუბრეთ. მითხრა, რომ ვითამაშებდი, როდესაც მწვრთნელი ამას ამბობს, ელოდები. ვაგრძელებდი ვარჯიშს, მჯეროდა, რომ შანსი მომეცემოდა, მაგრამ დრო გადიოდა და ეს არ ხდებოდა. იმავე დროს ფორმაში ვიყავი, არაფერი მტკიოდა. შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.

- რთული იყო გუნდის დატოვება, სადაც ნახევარი ცხოვრება გაატარეთ?

- დიახ, ადვილი არ ყოფილა. „სპარტაკმა“ ყველაფერი მომცა, აქ მოვედი ბავშვი, 15 წლის ასაკში. ახლა ბევრი ადამიანი მეკითხება: რატომ მანამდე არ წახვედი? არ წავედი, რადგან აქ კონონოვამდე კარერა იყო, ეს გახლდათ საუკეთესო „სპარტაკი“, რომელშიც მე ვითამაშე. ჩვენ გავხდით ჩემპიონები, ვხვდებოდი ძირითად შემადგენლობაში და კონკურენცია იყო. არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მოედანზე ზედიზედ 5 თამაში არ გავსულიყავი. კონონოვის დროს კი, მივხვდი, რომ ეს იგივე „სპარტაკი“ არ იყო. წასვლა გადავწყვიტე და ამისთვის საჭირო იყო შემოთავაზებების მოლოდინი.

- კონონოვის შემდეგ ტედესკო მოვიდა...

- როდესაც ტედესკო მოვიდა, ნახევარდაცვაში საყრდენ პოზიციაზე დამაყენა. მთელი ცხოვრება გამთამაშებლად ან მარცხენა შემტევად ვთამაშობდი და მან უცებ საყრდენის პოზიცია მომანიჭა. თუმცა პრობლემა არ ყოფილა, ეს გავაკეთე, მაგრამ გვერდით „ძაღლი“ მჭირდებოდა, მაგალითად ისეთი მებრძოლი ფეხბურთელი, როგორიც კანკავაა ეროვნულ ნაკრებში ჩემი თანაგუნდელი. მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვაში მოიპოვებდა ბურთებს და მე შემდეგ შეტევის დაწყების შესაძლებლობა მექნებოდა. სამწუხაროდ, ამ „სპარტაკში“ ასეთი მოთამაშე არ ყოფილა. რამდენჯერმე ვითამაშე ამ პოზიციაზე და მივხვდი, რომ ჩემთვის ძნელი იყო. როდესაც სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა, მე თვითონ მივედი თომას ცორნთან და ვუთხარი: „ნება მომეცით წავიდე, ნუ მაწამებთ მეც და საკუთარ თავსაც. უკვე 27 წლის ვარ, არ მინდა სკამზე ჯდომა“.

- იჯარით დაიღალეთ? მიხვდით, რომ საბოლოოდ უნდა წასულიყავით?

- დიახ. მესამედ იჯარით წასვლა არ მინდოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ ვითამაშებდი იჯარით, „სპარტაკში“ არანაირი შანსი არ მექნებოდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აქ მოთამაშეებს 20 მილიონ ევროდ ყიდულობენ და არ აქვს მნიშვნელობა როგორ ითამაშებენ, მინიმუმ 10-12 თამაში უნდა ჩაატარონ. ამის გამო ადამიანები დიდი ხანი იტანჯებიან. ეს ყველამ იცის. მათ შანსი ეძლევათ, საუბრობენ ადაპტაციაზე და გესმის სიტყვები: „ცოტა მოიცადე, ცოტაც და რაღაც გამოჩნდება“. სანამ ამ მოლოდინში ცხოვრობ, მთელი ჩემპიონატი გადის. არ მინდოდა სკამზე ჯდომა, თვითონ გადავწყვიტე: უმჯობესია ფულის დაკარგვა და ყველაფრის ნულიდან დაწყება.

- თქვენ თავს სუსტად არ თვლიდით ამ შემადგენლობის სხვა მოთამაშეებთან შედარებით?

- ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი მოედანზე. ჩემთვის „სპარტაკი“ „სპარტაკად“ რჩება. იქ 15 წლისა მივედი და 10 წელი მთავარი გუნდის მაისური მეცვა. ხშირად ვერ ვხვდებოდი ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ იმ გუნდის სასტარტოს წევრი ვიყავი, რომელიც ამ პერიოდში ერთადერთხელ გახდა ჩემპიონი. მანამდე კონკურენციას ვუწევდი ალექსსა და ველიტონს. ახლანდელი გუნდი მე-10 ადგილზეა და მე იქ არ მათამაშებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი ფეხბურთელი ვარ? მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. კიდევ დავასახელებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ეს არის უცხოელ მოთამაშეებზე შეზღუდვა, რომელიც ამოქმედდება შემდეგი სეზონიდან.

- ტედესკოსთან გაქვთ შეკითხვები?

- არც კითხვები და არც პრეტენზიები. მას ფეხბურთის საკუთარი ხედვა აქვს. როდესაც მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო, არამხოლოდ ცორნს, არამედ მასაც ვესაუბრე და ვთხოვე გაშვება. ახლა კი, „სპარტაკის“ გულშემატკივარი ვარ, მაგალითად ვუყურე „ლოკომოტივთან“ თამაშს. იქ ბევრი მეგობარი მყავს და მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ჯიქიაა. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ ჩემპიონატში სიტუაციას გამოასწორებენ.

- იმედგაცრუებული ხართ?

- რა თქმა უნდა. ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული ტრავმებია. ბევრი მიცდებოდა, ამან ძალიან დააზარალა ჩემი კარიერა. დარწმუნებული ვარ: შემეძლო „სპარტაკიდან“ წასვლა კარგი ფულის სანაცვლოდ ტოპ ხუთ ჩემპიონატში. ვფიქრობ, მშვიდად შემეძლო თამაში. მაგრამ ტრავმები ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. ორნახევარ წელიწადში რამდენიმე ტრავმა მივიღე.

- რას შეცვლიდით უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ?

- ახლა ვიცი, რომ ჩემი პრობლემის მთავარი მინუსი პირადი მწვრთნელის არყოლა იყო. როდაც ახალგაზრდულ ასაკში „სპარტაკში“ მოვხვდი, არც კი მიფიქრია ჩემი კუნთების გაძლიერება. ახლა დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებდი და ასეთ სპეციალისტს დავიქირავებდი.

- „სპარტაკში“ პირადი მიღწევებიდან რას გამოარჩევთ?

- პირველ რიგში რუსეთის თასზე „კრასნოდართან“ დებიუტს, როდესაც გოლიც გავიტანე. შემდეგ ჩემპიონატში სადებიუტო გოლი, ეს იყო ძალიან ბედნიერი დღე. საჩემპიონო სეზონიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. კიდევ რა? ბევრი კარგი მეგობარი, რომელიც იქ შევიძინე.

- გულშემატკივრებს ახსოვთ შენი გოლი 2011 წელს „ბაზელის“ კარში, რომელიც გუნდს ევროპა ლიგის მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა.

- ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როდესაც ფედუნს ბოლოს ვესაუბრე, მანაც მადლობა გადამიხადა ამ გოლისთვის. მითხრა, რომ ისევ ახსოვს.

- ვიცით, რომ „ტამბოვი“ დაინტერესებული იყო. რატომ კვიპროსი?

- დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი, თითქმის ერთი წელი ტრავმების გამო გამიცდა. რამდენიმე ვარიანტი მქონდა თურქეთიდან, რუსეთიდან ორი, ისრაელიდან, ბელგიიდანაც.

- თქვენ არ გინდოდათ რუსეთში დარჩენა, რადგან...

- იმიტომ, რომ რაღაცის შეცვლა მინდოდა, რუსეთში დარჩენის ვარიანტი არც კი განიხილებოდა. რუსეთის ჩემპიონატში 15 წლის ასაკში მოვხვდი და ახლა 27 წლის ვარ. მინდოდა რაღაც ახალი და მაშინვე ჩემს აგენტს ვუთხარი: „თუ სპარტაკიდან“ წავალ, რუსეთში დარჩენა არ მინდა“. „ანორთოსისი“ ავირჩიე, რადგან იქ ადაპტაცია ჩემთვის უფრო ადვილი იქნება. გუნდში ოთხი ქართველია, მწვრთნელიც ქართველია, რომელიც მიცნობს. ისინი ყველაფერში მეხმარებიან. ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და დროის ხარჯვის დრო არაა. ახლა ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რადგან მალე ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართება. არ მინდოდა ამ თამაშების გამოტოვება, რადგან შეიძლებოდა მზად არ ვყოფილიყავი.

- „ანორთოსისში“ სათამაშო პრაქტიკა გარანტირებული გაქვთ?

- კლუბის მენეჯმენტი ჩემსკენ წამოვიდა, მათ მითხრეს, რომ ვითამაშებ. მთავარმა მწვრთნელმა პირადად დამირეკა და მადლობას ვუხდი ამის გამო. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერისთვის თავიდან. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემპიონატში გუნდი პირველ ადგილზეა, კარგი ჩემპიონატია, ამინდი შესანიშნავია, ეს არის ყველაფერი, რაც ახლა მჭირდება.

- კვიპროსში პირველივე თამაშში ძალიან უხეშად ითამაშეს თქვენს წინააღმდეგ...

- 30 წუთი ვითამაშე, სათამაშო დრო მივიღე და ძალიან უხეში ჯარიმა იყო, თანაც, როდესაც ანგარიში 3:0 გახლდათ. რაღაც მსგავსი იყო „ვილიარეალთან“ მატჩშიც. მტკივნეული იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. სამი დღე შეშინებული ვიყავი, მაგრამ ახლა კარგად ვარ.

- ვისთვის და რისი დამტკიცება გსურთ ახლა?

- უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან მაქვს დასამტკიცებელი, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. მინდა ჩემპიონი გავხდე „ანორთოსისთან“ ერთად, გავიტანო გოლები და გავაკეთო საგოლე პასები. მაისამდე მაქსიმუმი უმდა ვაჩვენო.

0.12113