ავტოსპორტი

17:59 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი: ფორმულა 1 მერსედესის გარეშე არ დარჩება

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „დაიმლერი“ სპორტიდან წასვლის მიზანშეწონილებას განიხილავს.

„შემიძლია ვთქვა, რომ მერსედესი ფ1-ში 2021 წელს აუცილებლად იქნება. ჩვენ დარჩენა გვსურს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლას ჩვენთვის აზრი აქვს. ჩვენ ახალ თანხმობის ხელშეკრულების გაფორმებას ვაპირებთ, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მერსედესმა პრივილეგიები უნდა მიიღოს. ჩვენ დაბალანსებულ კონტრაქტს ვემხრობით, რომელიც მცირე გუნდებისთვისაც მისაღები იქნება. მიზანი ისაა, რომ ჩემპიონატის ყველა მონაწილემ მოგება მიიღოს“, - ამბობს ვოლფი.

მისივე თქმით, მერსედსის დატოვებას არ აპირებს: „მე მომწონს ჩემი როლი, ჩემი საპატიო მისია. კიდევ ვის შეუძლია თქმა, რომ მერსედესის პარტნიორია? მე მოქმედების საკმარისი თავისუფლება მაქვს, რატა გუნდს ისე წავუძღვე, როგორც საჭიროდ ვთვლი“. ცნობისათვის, ვოლფი გუნდის აქციების 30 პროცენტს ფლობს.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო შვიდ წელიწადში გუნდის თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და სრულფასოვან გუნდად ჩამოყალიბდა. ის ასევე ლუის ჰამილტონის კონტრაქტსაც შეეხო. ვოლფი ამბობს, რომ მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს ბოლოს საშობაო საღამოზე შეხვდა, რა დროსაც მათ მომავალზე ისაუბრეს. მას შემდეგ კი მხოლოდ ვოთსაპით ჰქონდათ ურთიერთობა. კონტრაქტზე საუბარს კი თებერვალში განაახლებენ.

ვოლფი ამბობს, რომ ჰამილტონთან კარგი ურთიერთობა, მასთან მოლაპარაკებისას შეღავათს არ იძლევა, რადგან მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. „მერსედესი ყოველთვის ცდილობს ხარჯების გაკონტროლებას. ჩვენს შორის მოლაპარაკება იოლი არასდროსაა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას ვაღწევთ. ლუისს ყველაზე სწრაფი მანქანა სჭირდება, ჩვენ კი საუკეთესო მრბოლი გვსურს“, - დასძენს ვოლფი.

0.158894