ფეხბურთი

10:28 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია და დავითაშვილი პრემიერლიგის გამორჩეულ ტალანტებში

რუსულმა ვებგვერდმა MatchTV-მ პრემიერლიგაში მოთამაშე შვიდი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაც სეზონის მეორე ნაწილში თავის გამოჩენა და ტოპ კლუბების დაინტერესება შეუძლიათ.

ხსენებულ შვიდეულში ორი ჩვენებური მოხვდა - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერებისგან რუსეთის ჩემპიონატში დიდი მოლოდინია:

ხვიჩა კვარაცხელია

„ჯერ კიდევ უცნობია როგორ დაკარგა „ლოკომოტივმა“ გასულ ზაფხულს ასეთი ტალანტი. სიომინმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ამის გამო. თუმცა, ახლა კვარაცხელია „რუბინის“ ფეხბურთელია. შემოდგომაზე მას გამონათებები ჰქონდა, ასე რომ ამჟამად სლუცკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, დაეხმაროს, რომ უფრო სტაბილური მოთამაშე გახდეს. ამის შემდეგ ის გახდება არამხოლოდ ყაზანში მთავარი, არამედ ევროპული კლუბებისთვისაც საინტერესო. ხვიჩას აქვს ყველაფერი: ტექნიკა, კოორდინაცია, მომენტის პოვნის უნარი. ამჟამად, შეკრებაზე მიმოხილვების მიხედვით ქართველი „რუბინში“ საუკეთესოა“.

ზურიკო დავითაშვილი

„ის იყო რომან შარონოვის გუნდის შესამჩნევი ნაწილი სეზონის დასაწყისში. კარგი პასის მქონე დრიბლიორი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატიდან სულ რაღაც ერთ სეზონში აღმოჩნდა რუსეთის პრემიერლიგაში. რაც მთავარია - 18 წლისაა. უეფამ ახლახან 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელში შეიყვანა, რომელთაც 2020 წელს აფეთქება შეუძლიათ. უკვე ითამაშა საქართველოს ნაკრებშიც“, - წერს ქართველი ფეხბურთელების შესახებ რუსული მედია.

შეგახსენებთ, სეზონის პირველ ნაწილში კვარაცხელიამ 17 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო დავითაშვილი 15 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.

0.116314