ფეხბურთი

16:07 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "რთული ტრავმა მქონდა, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა"
"დარწმუნებული ვარ გაზაფხულიდან უფრო ხშირად ვითამაშებ"

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება. „რკინიგზელთა“ ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია კი, როგორც თავად ამბობს, თავს დღითიდღე უკეთ გრძნობს.

ჩვენებურმა Sovsport-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამჟამად რთული ტრავმის შემდეგ ტკივილები აღარ აქვს და გაზაფხულზე უფრო მეტად მიიღებს სათამაშო პრაქტიკას.

- „პარტიზანთან“ პენალტების სერიაში წააგეთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- სერბებს კარგი გუნდი ჰყავთ, რამდენადაც ვიცი, ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან. მეორე ტაიმში ვითამაშე, დაახლოებით ნახევარი საათი. ყოველდღე თავს უკეთ ვგრძნობ, რთული დაზიანება მქონდა და იმედი მაქვს, ყველაზე უარესი უკან დარჩა.

- ესპანეთის შემდეგ შეკრებაზე ყატარში ხართ. როგორ კონდიციაში იმყოფებით?

- ახლა მზად 80%-ით ვარ. არ არსებობს დისკომფორტი, ტკივილი, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, პრობლემები არაა. დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე უფრო ხშირად ვითამაშებ. სამწუხაროდ, სეზონის პირველ ნაწილში მცირე პრაქტიკა მქონდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.

- როგორ შეაფასებთ „ლოკომოტივის“ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე?

- ვფიქრობ, ღირსეულად ვითამაშეთ ჯგუფის შემადგენლობის გათვალისწინებით. ტურინში ფრეს ვიმსახურებდით, ხოლო „იუვენტუსთან“ საშინაო თამაში ძალიან უიღბლო იყო, ბოლო წამებზე წავაგეთ.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი უფრო ინდომებდა, ვიდრე პრემიერლიგაში?

- ევროპაში განსხვავებული მიდგომაა და უმაღლესი დონის მეტოქეები არიან. აქედან გამომდინარე განწყობა განსხვავებულია. თუმცა, უმჯობესია გულშემატკივარმა განსაჯოს, როგორ თამაშობდა „ლოკომოტივი“.

- გქონდათ კომუნიკაცია ჯანო ანანიძესთან, რომელიც „სპარტაკიდან“ „ანორთოსისში“ წავიდა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრები ვართ. ზოგადად გამოდის, რომ ჯანო არა კვიპროსში, არამედ საქართველოში გაემგზავრა. იქ თემურ ქეცბაია მუშაობს, ხოლო გუნდში კიდევ ოთხი ქართველი ფეხბურთელია. ეჭვი არ მეპარება, რომ „ანორთოსისში“ თბილად მიიღებდნენ, ქართულად. თუმცა, არმგონია, რომ იქ დიდხანს დარჩეს. ფორმას აღიდგენს და კარიერის გასაგრძელებლად ევროპაში უფრო საინტერესო ვარიანტები გამოუჩნდება.

- რა არის „ლოკომოტოვის“ მიზანი გაზაფხულზე?

- ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა. „ზენიტთან“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- სიახლე არის ანტონ მირანჩუკზე, რომელიც „პარტიზანთან“ დაშავდა?

- ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ანტონი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

- როგორ შეხვდით სმოლოვის „სელტაში“ გადასვლას?

- მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვინ იცის, იქნებ დაგვიბრუნდეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში ესპანეთში წარმატებებს და ტრავმების გარეშე თამაშს ვუსურვებ.

0.150757