კალათბურთი

2:27 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა "რეალთან" და სტაუსკასის უმძიმესი შეცდომა

„ბასკონიამ“ ევროლიგაში მორიგი მარცხი განიცადა და ეს მადრიდში, „რეალის“ წინააღმდეგ მოხდა. ბუნებრივია, ესპანური გუნდის ასეთი სეზონის ფონზე „სამეფო კლუბთან“ წაგება გასაკვირი არაა, მაგრამ შეიძლებოდა არ წაეგო.

რომ არა ნიკ სტაუსკასი. კანადელის უხეშმა შეცდომამ ვიტორიელთა მთელი გარჯა ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყარა. „ბასკონიამ“ პირველი პერიოდი კარგად ჩაატარა და 5-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. შემდეგ მადრიდელებმა შეძლეს წინ გასვლა, მაგრამ მატჩის დასკვნითი ნაწილი ძალზე დრამატული გამოდგა.

საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე შევონ შილდსმა ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა (69:69). თითქოს ოვერტაიმს წინ არაფერი უდგა, მაგრამ სტაუსკასი დაუდგა. ნიკმა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა და თამაშის დასრულებამდეც 2 წამი იყო დარჩენილი, თამაშის წესი დაარღვია მეტოქის ნახევარზე, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ფაკუნდო კამპაცომ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და „რეალს“ 70:69 მოაგებინა. იმ 2 წამში კი, თორნიკე შენგელიამ სამქულიანის ჩაგდება მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ავანტურამ არ გაამართლა. არადა, რომ არა სტაუსკასის მძიმე შეცდომა, ვინძლო "ბასკონიას" "რეალი" მადრიდშივე ისევ დაემარცხებინა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 19 იანვარს ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა...

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 32:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო სამჯერ სამქულიანი გააცუდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. მეტ ჯენინგი ვიტორიელებს 25 წუთში 11 ქულით და 1 პასით შეეწია, მარგი ქმედების 10 კოეფიციენტით.

„ბასკონიას“ 23 ტურის თავზე 8 მოგების წილ 15 წაგება აქვს და მე-16 ადგილზეა, მხოლოდ ორ გუნდს, „ზენიტსა“ და „ბაიერნს“ უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 7 თებერვალს, სახლში „ლიონთან“ გამართავს.

0.110505