ავტოსპორტი

17:53 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინი“ ფორმულა 1-ში 2021 წლიდან დაბრუნდება

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც კანადელმა მილიარდერმა ლორენს სტროლმა ფორმულა 1-ის გუნდი „ფორს ინდია“ შეისყიდა და „რეისინგ პოინტი“ დაარქვა. მაგრამ ამას არ დასჯერდა და დღეს ის უკვე „ასტონ მარტინის“ თანამფლობელი გახდა, რომელსაც დიდი პრიზების არენაზე 2021 წლის სეზონში დააბრუნებს. ოღონდ, ამისთვის ახალ გუნდს არ ქმნის - ისევ „რეისინგ პოინტს“ შეუცვლის სახელს.

სტროლმა, ვისი შვილი ლანსიც „რეისინგ პოინტის“ პილოტია, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის აქციების 16.7 პროცენტი გამოისყიდა, რაც 240 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამგვარად, „ასტონ მარტინი“ ფ1-ს დაახლოებით 60-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მის გუნდს სულ რაღაც ხუთ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან საუკეთესო შედეგს - მე-6 ადგილს, ბრიტანეთის 1959 წლის დიდ პრიზზე მიაღწია.

ამგვარად, წერტილი სპეკულაციას იმის თაობაზე, რომ „რეისინგ პოინტის“ ყიდვას რუსი მილიარდერი დმიტრი მაზეპინი აპირებდა. სხვათა შორის, მისი სურვილიც, ფ1-ში შვილის გადაყვანაა. სხვა ვერსიით, გუნდის შესყიდვა ჩინურ საავტომობილო კომპანია „ჯილის“ სურდა.

სტროლის მიერ „ასტონ მარტინის“ წილის შესყიდვის პარალელურად, „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ბრიტანული კომპანია მისი სპონსორი აღარ იქნება. თუმცა ისინი პარტნიორობას საგზაო ავტომობილ „ვალკირისთან“ დაკავშირებით გააგრძელებენ.

„რეისინგ პოინტი“ 2020 წლის სეზონისთვის მომზადებულ სარბოლო ავტომობილს 17 თებერვალს გაგვაცნობს, წინასასეზონო ტესტებს კი ორი დღის შემდეგ შეუდგება.

0.114796