კალათბურთი

2:19 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია "ბასკონიას" ზურგით ატარებს...

2019-2020 წლების სეზონმა ეკვატორი გადალახა, მაგრამ „ბასკონია“ და თორნიკე შენგელია არ იცვლებიან. ესპანური გუნდი ძალიან არასახარბიელოდ ირჯება, ხოლო ქართველი კალათბურთელი ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ მარტო არაფერი გამოსდის.

რა გასაკვირია, ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს და ეს ზუსტად შეესაბამება ვიტორიელთა აწმყოს. ლიგა ენდესას მეოცე ტურში „ბასკონია“ მალაგას „უნიკახასთან“ 72:82 დამარცხდა. სტუმრებს პირველ პერიოდში წაუვიდათ თამაში და 6 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ თამაშის ბატონ-პატრონი ანდალუზიური გუნდი იყო.

შენგელიამ ცდა არ დააკლო, ჩინებულადაც ითამაშა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. თორნიკემ 35:23 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი (57%), 2-დან 1 სამქულიანი (50%) და 6-დან 4 საჯარიმო (67%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა.

ამ შედეგით თორნიკე მხოლოდ „უნიკახას“ წევრ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა (30), რომელიც ასევე ერთადერთი იყო პარკეტზე, ვინც ჩვენებურს მოპოვებული ქულებითაც აჯობა (21). მეტ ჯენინგი საკუთარ გუნდს 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 2 აღმოჩნდა.

„ბასკონიას“ 9 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს, მე-11 ადგილზეა და ასე თუ გააგრძელებს, პლეი-ოფში მოხვედრას ნამდვილად ვერ მოახერხებს. მომდევნო ტურში კი, 9 თებერვალს, „ობრადოიროს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110531