ფეხბურთი

20:36 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: "სხვა გუნდების ვარიანტები არც განმიხილავს, „საბურთალოში“ თამაშს ისე დავთანხმდი"
"გიორგი ჭანტურია ოჯახში დაბრუნდა" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

თბილისის „საბურთალომ“ გიორგი ჭანტურია დაიმატა და 1+1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ქართველი შემტევმა თბილისურმა გუნდმა ოფიციალურად წარადგინა და ჭანტურიამ ახალი გუნდის რიგებში პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და როგორც თავად თქვა, დაბრუნებით ძალიან ბედნიერია. მისი თქმით, მთავარი გია ცეცაძის ფაქტორი იყო და როდესაც „საბურთალოდან“ შეთავაზება მიიღო, სხვა წინადადებები არ განუხილავს.

„მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და თბილი დახვედრისთვის. 10 წლის შემდეგ, დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო. მართალია, ათეული წელია გასული, მაგრამ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. „საბურთალოდან“ ჯერ „ბარსელონაში“ წავედი, შემდეგ კი „ვიტესში“. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი როლი ითამაშა. სიმართლე გითხრათ, სხვა გუნდების ვარიანტები არც განმიხილავს, ისე დავთანხმდი „საბურთალოში“ თამაშს. გია ცეცაძის დიდი დამსახურებაა, რომ იქ დავბრუნდი, სადაც ბავშვობა გავატარე. მადლობა ასევე ჩემი აღზრდისთვის თემურ ფოცხვერიასა და გიორგი დევდარიანს. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ გუნდელებს და დავიწყებ ვარჯიშს. ეს გადაწყვეტილება დღეს არ მიმიღია. რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, დღეს მხოლოდ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

კი, მთავარი ფაქტორი მისი „საბურთალოში“ მუშაობა იყო. მეწყინა, რომ წამოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან, თუმცა გამიხარდა, რომ „საბურთალოში“ დაინიშნა. არაა მარტივი, გუნდში აიყვანო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი გაუცდა, მაგრამ ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ მთავარ მწვრთნელს ჩემი სჯერა და ეიმედება. 23 თებერვალს, სუპერთასის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.

ჩემი ბევრი მეგობარი თუ ნაცნობი თამაშობს ეროვნულ ლიგაში. ტოპ ჩემპიონატებს ვერ შევადარებ, მაგრამ ძლიერდება პირველობა და ძალებს იკრებს. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის, იმედი მაქვს გულშემატკივარი ისიამოვნებს“, - თქვა ჭანტურიამ.

წარდგენისას კომენტარი „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც გააკეთა, რომლის განცხადებით, ჭანტურია ოჯახში დაბრუნდა:

„საბურთალოს“ ცხოვრებაში მორიგი სასიამოვნო სიახლეა. ამჯერად, კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი შეგვემატა – გიორგი ჭანტურია. ადამიანი, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. ჭანტურია თავის ოჯახს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ ხიბლს შემატებს ეროვნულ ჩემპიონატს. ასევე, ევროტურნირებზე წარმატებულად გამოსვლაში დაგვეხმარება. მჯერა, „საბურთალო“ კიდევ ერთხელ გახდება ტრამპლინი მის საფეხბურთო კარიერაში. გიორგი ჯერ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს, შემდეგ ვფიქრობ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება. მინდა, ჭანტურიასა და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც არჩევანი „საბურთალოში“ თამაშზე გააკეთეს”, - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ ჭანტურიასნაირი ფეხბურთელებით ეროვნული ლიგისადმი ინტერესი იზრდება:

„მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ქართული ფეხბურთისთვის, ასევე „საბურთალოსთვის“. რაც, ბევრი გიორგისნაირი ფეხბურთელი იქნება ეროვნულ ჩემპიონატში, მით უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე. ჭანტურია, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია საქართველოში. გიორგი ქართული ფეხბურთის საქმეს აკეთებს და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება. სადაც ჭანტურია არის, იქ ყოველთვის დიდი გეგმები და მიზნებია. მას, რამდენიმე ადგილზე შეუძლია თამაში. გააჩნია ვის შევხვდებით. ჩვენი სათამაშო სისტემა 3-5-2 და 3-4-3 იქნება. ასევე, ფეხბურთელსაც შევეკითხები აზრს, სად ურჩევნია თამაში. ზოგადად, ყველას ვეკითხები, თუ რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში“, - თქვა გია ცეცაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურიას „ბარსელონას“ აკადემიაში, „ვიტესში“, „ალანიაში“, „კლუჟში“, „დუისბურგსა“ და „ურალში“ უთამაშია. რუსული გუნდი მან 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფებოდა.

0.15297