ფეხბურთი

18:57 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ვერ იყიდა "ლივერპულმა" კრიშტიანუ რონალდუ...

ინგლისური „ლივერპული“ 2003 წლის ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგიდან“ კრიშტიანუ რონალდუს შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. ამის შესახებ 17 წლის შემდეგ „წითლების“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფილ ტომპსონმა განაცხადა.

როგორც ვეტერანი ინგლისელი წლების შემდეგ იხსენებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ რონალდუ მაღალ ხელფასს ითხოვდა, რის გამოც მოლაპარაკება გაიწელა და საბოლოოდ, კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდა.

„მასზე ყველა კარგად ლაპარაკობდა. ტონი ჰენრი „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი მუშაობდა აგენტ პოლ ტრეტფორდისთვის და ჟორჟე მენდეშს დაევალა ინგლისში რონალდუსთვის ინტერესის შექმნა. მოუთმენლად ელოდნენ „სპორტინგის“ დატოვებას და მისი თამაშის სანახავად დამპატიჟეს. მითხრეს, რომ მისი ფასი 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მისი გადახდა ოთხი წლის განმავლობაში შეგვეძლო. შემდეგ ხელფასის შესახებ ვკითხე და მითხრეს, რომ წელიწადში 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვდა. ეს ძალიან დიდი თანხა იყო 18 წლის ფეხბურთელისთვის, მაგრამ გადახდა შეიძლებოდა.

კვირა დღე იყო, მათ ავუხსენი, რომ ლივერპულში უნდა დავბრუნებულიყავი და მესაუბრა ჟერარ ულიესთან, იმის გასარკვევად, რისი გაკეთება შეგვეძლო. ჟერარს ყველა ინფორმაცია მივაწოდე, რომელმაც მითხრა, რომ აღმასრულებელ დირექტორ რიკ პარის დაელაპარაკებოდა. და რა მოხდა? ერთი კვირის შემდეგ Sky News-ში წავიკითხე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუ „სპორტინგიდან“ 12.2 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს არ მჯეროდა. ჟერარმა დამირეკა და სიტუაციაში გამარკვია. ტონიმ მითხრა, რომ ორშაბათს დაურეკეს და არაფრის გაკეთება შეეძლო. აბსურდია, რომ მისი ფასი სამჯერ გაიზარდა ასეთ მოკლე დროში.

აშკარად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა რამდენად დიდი გახდებოდა“, - თქვა ტომპსონმა The Athletic-თან საუბარში.

დიახ, ალბათ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელების გარდა, რომლებმაც რონალდუს შესაძენად ასაკისა და თანხის მიუხედავად ყოყმანი არ დაიწყეს და რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

0.10974