კალათბურთი

2:25 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიანტი და მისი მეუღლე ვერტმფრენით ერთად არ მგზავრობდნენ - კობის შვილების მარტო დატოვების ეშინოდა...

კობი ბრაიანტი და მისი მეუღლე ვანესა ბრაიანტი ვერტმფრენით ერთად არასდროს მგზავრობდნენ. როგორც ცნობილი გახდა, „შავ მამბას“ მეუღლესთან შეთანხმება ჰქონდა, რადგან არ სურდა, რომ ტრაგედიის შემთხვევაში მისი შვილები მარტო დარჩენილიყვნენ.

ამის შესახებ გამოცემა People-ს ბრაიანტების ოჯახის ახლობელმა უამბო: „მას და ვანესას შეთანხმება ჰქონდათ, ერთად არ ემგზავრათ ვერტმფრენით. ეს არის ძალიან რთული დამანგრეველი დრო ვანესასთვის და მთელი ოჯახისთვის. წინადადებას ტირილის გარეშე ვერ ამთავრებს, მაგრამ ცდილობს ძლიერი იყოს და ძალიან ბევრს მუშაობს ამაზე. მას გარშემო ჰყავს ხალხი, რომელთაც უყვართ და უყვარდათ კობი. ვანესა მარტო არ არის, მაგრამ ამას დიდხანს იდარდებს“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა ოჯახის ახლობლის სიტყვებს.

კობი ბრაიანტმა მგზავრობისთვის ვერტმფრენის გამოყენება ჯერ კიდევ ლოს ანჯელეს „ლეიკერსში“ თამაშის დროს დაიწყო. ამის შესახებ 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მიზეზად კობიმ მანქანების საცობი დაასახელა, რის გამოც ძალიან ბევრ დროს კარგავდა. ვერტმფრენით კი, შეეძლო 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლა და ამ გზით საკუთარ ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარებას ახერხებდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ვერტმფრენით სარგებლობა.

ოჯახის ახლობელი იმასაც ამბობს, რომ კობი მხოლოდ გამოცდილ პილოტს, არა ზობაიანს ენდობოდა, რომელიც ტრაგედიის დროს ვერტმფრენს მართავდა და დაიღუპა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა და ბორტზე მყოფი კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა. ბრაიანტს მეუღლე და სამი შვილი, 17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა ბელა და 7 თვის კაპრი დარჩა. კობიმ და ვანესამ კი, ერთმანეთი 1999 წელს გაიცნეს, ხოლო 2001 წლის აპრილში დაქორწინდნენ.

0.148082