ფეხბურთი

4:47 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - ლიდერები არ გაახარეს

იტალიის სერია A-ს XXI ტური ლიდერებისთვის წარუმატებელი გამოდგა. მოწინავე სამ პოზიციაზე მყოფი გუნდებიდან 3 ქულა ვერცერთმა მოიპოვა, ხოლო ლიდერი „იუვენტუსი“ საერთოდაც უქულოდ დარჩა.

ტურის დასკვნით მატჩში „იუვე“ „ნაპოლის“ ესტუმრა, რომელსაც ამ მატჩმდე შინ ზედიზედ 6 მოუგებელი თამაში ჰქონდა ჩატარებული. ინტრიგა ბევრი იყო - გონსალო იგუაინის კიდევ ერთხელ „სან პაოლოზე“ გამოჩენა და რაღა თქმა უნდა, მაურიციო სარის დაბრუნება ნეაპოლში, მეტოქის რანგში.

ჯენარო გატუზომ ვიზავის დუელი ცალსახად მოუგო. ყოველშემთხვევაში „იუვენტუსმა“ მეტად უსუსური ფეხბურთი აჩვენა და პირველად მიმდინარე სეზონში პირველი ტაიმი ისე დაასრულა, რომ კარში არ დაურტყამს. „ნაპოლიც“ თავის მხრივ, მეტოქეს დიდად ვერ აწუხებდა, მაგრამ თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. ჯერ პიოტრ ზიელინსკიმ, მერე ლორენცო ინსინიემ. ბოლოსკენ კრიშტიანუ რონალდუმ კი შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა.ტურინელთა ბედად, კონკურენტებსაც დაუცდათ ფეხი, თუმცა, „ლაციომ“ და „ინტერმა“ აქტივს თითო ქულა მაინც შემატეს.

რომაულ დერბიში „ლაციო“ ნომინალური სტუმრის რანგში მოძულე „რომას“ ესტუმრა და პირველივე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ედინ ჯეკომ სტრაკოშას დაუფიქრებელი მოქმედების შემდეგ გაიტანა, ხოლო მალევე ფრანჩესკო აჩერბიმ გაქვითა. ეს გოლი არ გავიდოდა, რომ არა პაუ ლოპესის მეტად დაუფიქრებელი და სასაცილო თამაში. ესპანელმა მეკარემ „ლაციოს“ გოლი ლანგარზე დადებული მიართვა. მეორე ნახევარში გუნდების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე - 1:1. „არწივები“ უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან „რომა“ უფრო უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ გულისწყვეტა მაინც იქნება, რადგან „ლაციალეს“ 11-მატჩიან მოგებების სერიას წერტილი დაესვა. „ლაციო“ „იუვეს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია 2 ქულამდეც მიუახლოვდეს.

სანამ „იუვენტუსი“ და „ლაციო“ ქულებს კარგავდნენ, იქამდე დაკარგა „ინტერმა“. ანტონიოკონტეს გუნდმა უკვე ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და „იუვენტუსს“ მხოლოდ 3 ქულით რომ ჩამორჩება, „ნაპოლის“ უმადლოდეს. ლაუტარო მარტინესმა „ნერაძური“ „კალიარისთან“ კი დააწინაურა, მაგრამ მატჩის მიწურულს რაჯა ნაინგოლანმა შორეული დარტყმით გაათანაბრა და მილანელებს ორი ძვირფასი ქულა დააკარგვინა. არ დაგავიწყდეთ, რომ ნაინგოლანი „კალიარიში“ იჯარით სწორედ „ინტერიდანაა“ და ზაფხულში ანტონიო კონტეს დაჟინებული მოთხოვნით გაუშვეს გუნდიდან.

მოკლედ, სერია A-ში ვითარება ძალიან დაძაბულია და სკუდეტოსთვის ფიცხელი ბრძოლა გველოდება.

„ინტერი“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (29), 1:1 ნაინგოლანი (78)

„ვერონა“ – „ლეჩე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დავიდოვიში (19), 2:0 პესინა (34), 3:0 პაცინი (87)

„პარმა“ – „უდინეზე“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გალიოლო (19), 2:0 კულუსევსკი (34)

„სამპდორია“ – „სასუოლო“ 0:0 (0:0)

„რომა“ – „ლაციო“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჯეკო (26), 1:1 აჩერბი (34)

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (63), 2:0 ინსინიე (86), 2:1 რონალდუ (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112998