ჩოგბურთი

11:32 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩმა ეისებით გაიმარჯვა, ჯოკოვიჩმა შვარცმანი უშანსოდ დატოვა

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და ორი შეხვედრა უკვე გაიმართა. მსოფლიოს მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიეგო შვარცმანი 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის მეოთხედფინალში მეთერთმეტედ გავიდა. დღის პირველი შეხვედრა კი მილოშ რაონიჩსა და მარინ ჩილიჩს შორის გაიმართა და კანადელმა სამ სეტში 35 ეისი შეასრულა და იოლად მოიგო - 6:4, 6:3, 7:5.

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა ექვსი ეისი შეასრულა და საკუთარ მოწოდებაზე 75 პროცენტიანი შედეგი ჰქონდა (41/55). არგენტინელს ეისები ფაქტობრივად არც ჰქონია, მხოლოდ ერთი შეასრულა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩმა კი - ერთი. ვინერსში სამხრეთამერიკელმა მოიკოჭლა და 17-ჯერ შეძლო გათამაშების დროს აუღებელი დარტყმის შესრულება, ხოლო სერბმა მეტოქეზე 21-ით მეტი ვინერსი შეასრულა. უნებლიე შეცდომებში ნოვაკი ლიდერობდა - 31:28.

ჯოკოვიჩის მომავალმა მეტოქემ მილოშ რაონიჩმა კი სამ სეტში 35 ეისი შეასრულა, 55 ვინერსი ჰქონდა და უნებლიე შეცდომა 23-ჯერ დაუშვა. მარინ ჩილიჩმა მეტოქეს ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირა, უნებლიე შეცდომებში მართალია ერთით ნაკლები შედეგი დააფიქსირა, სამაგიეროდ ვინერსი ჰქონდა 29, ხოლო ეისი 5. რაონიჩს რვა ბრეიკის შანსი ჰქონდა და თითო სეტში საჭირო მომენტებში შეასრულა (პირველი 5:4-ზე, ხოლო მესამეში - 5:5-ზე). რაონიჩი მეათედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალში, ხოლო ავსტრალიაში მეხუთედ და ზედიზედ მეორედ შეძლო საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის მოხვედრა.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი რაონიჩს შეხვდება, მეტოქეს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში კარგად იცნობს და 9:0 უგებს. იქიდან გამომდინარე, რომ რაონიჩმა 35 ეისი შეასრულა, საინტერესოა მეტოქის მოწოდებაზე რამდენი ქულა აიღო. ნოვაკმა დიეგოს პირველ ჩაწოდებაზე 38 პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა - 19/50, ხოლო მეორე ჩაწოდებაზე 41% (16/39). ბოლოს სერბი და კანადელი ცინცინატში შეხვდნენ (7:5, 4:6, 6:3) და მიუხედავად მილოშის 21 ეისისა (ჯოკოვიჩს 5 ჰქონდა), ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა და სერბმა მაინც შეძლო გამარჯვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.251578