ფეხბურთი

0:10 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ოთხ ქულაში - ბუნდესლიგა დაიძაბა

გერმანიის ბუნდესლიგაში XIX ტურის შემდეგ „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა. ამას ხელი ერთპიროვნული ლიდერის, „ლაიფციგის“ მარცხმა შეუწყო, რომელიც ფრანკფურტში დაეცა.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა პირველი წრე ფანტასტიკურად განვლო, მეორე წრის სასტარტო თამაშიც მოიგო, მაგრამ „აინტრახტთან“ ხელმოცარული დარჩა. ფრანკფურტელებმა ლიდერის კარი მეორე ტაიმში ორგზის აიღეს და მშრალად იმარჯვეს. ეს გამარჯვება „აინტრახტზე“ არანაკლებ „ბაიერნსა“ და „გლადბახს“ გაუხარდებოდათ, რადგან ორივემ 3 ქულით შეამცირა სხვაობა „ლაიფციგთან“ და უკვე საჩემპიონო რბოლაში თამამად არიან ჩაბმულნი.

„ბაიერნმა“ დღის დასკვნით შეხვედრაში „შალკეს“ უმასპინძლა და თავ-ბედი აწყევლინა - 5:0. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ნელ-ნელა ფორმის პიკზე გადის და სეზონის საწყის ნაწილში დაგროვილი ღრუბლებიც თითქმის აღარ ჩანს. „რეკორდმაისტერი“ „შალკეს“ ბოლო წლებში მუდმივად ძალიან მარტივად ამარცხებს და ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი. ლევანდოვსკისაც ძალიან უყვარს „ხუმარების“ კარში გატანა და რა თქმა უნდა, პოლონელს შანსი ხელიდან ამჯერადაც არ გაუშვია. „რეკორდმაისტერმა“ მართლაც ლაღად მოიგო და „ლაიფციგთან“ სხვაობა უკვე კინკილა ქულაა, რაც ცხადია პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ყველაფერი წინაა.

„გლადბახი“ კარგა ხანს იყო ლიდერი, მაგრამ პირველი წრის ბოლო ჩააგდო, მეორე წრის სასტარტო თამაშიც წააგო და მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, „ბორუსიამ“ ამჯერად მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ „მაინცთან“ აგებდა. ალესან პლეას ჩინებული თამაშით მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს და მოიგეს. „გლადბახი“ „ლაიფციგთან“ ორქულიანი ჩამორჩენაშია. სხვათა შორის, შორს არც „დორტმუნდია“, რომელიც ლიდერთან 4 ქულას აგებს. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვერცხლის სინისთვის“ ოთხი გუნდი იბრძვის. წინ ძალიან დიდი გზაა გასავლელი და ვნახოთ, ვინ მიასწრებს ფინიშის ხაზთან.

„უნიონი“ – „აუგსბურგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სუბოტიჩი (47), 2:0 ინგვარტსენი (61)

„გლადბახი“ – „მაინცი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ქუაისონი (12), 1:1 პლეა (24), 2:1 პლეა (76), 3:1 ნოჰაუსი (88)

„აინტრახტი“ – „ლაიფციგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტურე (48), 2:0 კოსტიჩი (90)

„ფრაიბურგი“ – „პადერბორნი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კრისტოფერი (48), 0:2 საბირი (84, პენ)

„ვოლფსბურგი“ – „ჰერტა“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 მეჰემდი (68), 1:1 ტორუნარიგა (74), 1:2 ლუკებაკიო (90)

„ბაიერნი“ – „შალკე“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 2:0 მიულერი (45), 3:0 გორეცკა (50), 4:0 ტიაგო ალკანტარა (58), 5:0 გნაბრი (89)

თეგებიბუნდესლიგა
0.112471