ავტოსპორტი

4:16 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ფ1-ის ახალ მანქანას 11 თებერვალს გვიჩვენებს

„სკუდერია ფერარი“ თავის ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც ფორმულა 1-ის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, 11 თებერვალს გაგვაცნობს. წარდგენის ოფიციალური ცერემონია ქალაქ რეჯო ემილიას (ქალაქ მოდენას სიახლოვესაა) რომოლო ვალის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გაიმართება.

წარდგენის ცერემონია იტალიური კომპანიის სოციალური მედიის გვერდებზე გადაიცემა. რეჯო ემილია ის ქალაქია, სადაც 223 წლის წინათ, იტალიის თანამედროვე დროშა დაიბადა და მალე, გაერთიანებული ქვეყნის დროშად დამკვიდრდა.

წარდგენის ცერემონიის შემდეგ, ახალი ავტომობილი ტრასაზე მოთელვას გაივლის, რის შემდეგაც, ბარსელონაში გაიგზავნება, სადაც 19 თებერვალს სტარტს აიღებს ოფიციალური წინასასეზონო ტესტები. რა თქმა უნდა, მათ მონტმელოს ტრეკი უმასპინძლებს.

ახალ სეზონში გუნდი შარშანდელი შემადგენლობით იასპარეზებს. მონაკოელი შარლ ლეკლერი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, კვლავაც ეცდებიან, „მერსედესის“ დომინაცია დაასრულონ, რომელიც უკვე ექვსი სეზონია გრძელდება. შარშან მათ შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. ამასთან, ლეკლერმა ორი გამარჯვება იზეიმა, ფეტელმა კი - მხოლოდ ერთი.

სხვათა შორის, საშობაო არდადეგების წინ, გუნდმა ლეკლერს კონტრაქტი ხუთი წლით გაუგრძელა, ფეტელის კონტრაქტი კი 2020 წლის სეზონის ბოლოს იწურება. გუნდში მისი დარჩენის საკითხი, სეზონის მსვლელობისას გადაწყდბა.

0.111445