ფეხბურთი

17:50 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაი და უი ქართულ ფეხბურთში - "ტორპედოს" ბურუსით მოცული მომავალი

საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ უმძიმეს მდგომარეობაშია. გუნდი პრაქტიკულად დაიშალა და ბედის ანაბარადაა დარჩენილი. იმერული კლუბი ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე დატოვა, მათი შემცვლელების შესახებ კი, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტიც, ყველა გუნდი უკვე ახალი სეზონისთვის შეკრებას გადის, „ტორპედოს“ ირგვლილ კი, ისიც არაა ცნობილი, გააგრძელებს თუ არა, ძველებურად არსებობას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს დროებითი ლიცენზია მისცა, რომელსაც ვადა სამ დღეში, 26 იანვარს ეწურება.

თუ ამ დრომდე სპონსორი არ მოიძებნა, ქუთათურ გუნდს მეოთხე ლიგაში დაქვეითება ემუქრება, რაც ცხადია არამარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი ტრაგედია და დარტყმა იქნება.

კარგა ხანია „ტორპედოს“ იტალიელ ინვესტორს უკავშირებენ, მაგრამ ცოტა უცნაური ამბავია, დღემდე, არავინ იცის და საჯაროდ არც არავის უნახავს ვინმე ფაბიო მანინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, ქუთაისის მერიის ხელმძღვანელობას შეხვდა და გუნდის შეძენის მზაობა გამოთქვა. თუმცა, ეს ცნობა სოციალურ ქსელს არ გასცდენია და არც ოფიციალურად დაუდასტურებია ვინმეს. ამდენად, საკმაოდ საეჭვო ამბავია და მის რეალურობაში ეჭვის შეტანა ნამდვილად შეიძლება.

მართალია დღეს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ კი დაადასტურა იტალიელთა ქუთაისში ჩამოსვლის ცნობა, მაგრამ ხელჩასაჭიდი სხვა ვერაფერი თქვა, არადა დრო იწურება...

„ველოდებით, გრძელდება მოლაპარაკებები, სულ რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი, იტალიელები მზად არიან, რომ „ტორპედო“ გადაიბარონ და ინვესტიცია ჩადონ ჩვენი გუნდის განვითარებაში. დიახ, იყვნენ იტალიელები ჩამოსულები, შევხვდით, გავაცანით ჩვენი პირობები, გაგვაცნეს თავიანთი პირობები და ვნახოთ, ამჟამად ვმუშაობთ, ველოდებით, როგორ დასრულდება. ყველას სურვილია, რომ „ტორპედოს“ საკითხი დადებითად გადაწყდეს. კონკრეტული შეთანხმება ჯერ არაა, როგორც კი იქნება, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - თქვა ჭიღვარიამ ტელეკომპანია „რიონთან“ საუბარში.

ამასობაში 26 იანვარიც კარსაა მომდგარი და უდიდესი ისტორიის ქართული გუნდის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული. ქუთათურთა დავალიანება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს და გამოსავალიც უკვე თითქოს არსაიდან ჩანს.

იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და „ტორპედო“ არაერთი ქართული, ძალიან კარგი გუნდის ბედს არ გაიზიარებს, რომლებიც საფეხბურთო სცენიდან კულისებში გაუჩინარდნენ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ ან საერთოდაც ვერ მოახერხეს ფერფლიდან აღმოცენება - ეს ქართული ფეხბურთის მორიგი ფიასკო და შავი ლაქა იქნება, რომელსაც დიდი ხანი ვერ ჩამოირეცხავს...

თეგებიტორპედო
0.116146