ფეხბურთი

19:58 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ მაუნთი: "გურამ კაშიას ჩემი არ სჯეროდა და დავუმტკიცე, რომ ცდებოდა"

ლონდონის „ჩელსის“ ნიჭიერმა შემტევმა მეისონ მაუნთმა Daily Mail-თან ისაუბრა და გურამ კაშიაც ახსენა. ინგლისელი ფეხბურთელი ქართველის თანაგუნდელი არნემის „ვიტესში“ იყო და სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა მეისონმა.

როგორც მან გავლენიან ბრიტანულ გამოცემას უამბო, კაშიას მისი არ სჯეროდა, როდესაც 2017 წლის ზაფხულში „ვიტესში“ იჯარით აღმოჩნდა:

„გასახდელში შევედი და ბევრი დიდი ფიგურა იყო, რომელთაც გუნდისთვის ბევრი ჰქონდათ გაკეთებული. ვფიქრობდი, მე ბავშვი ვარ, ეს გამოცდაა, ყველას მივესალმე და ხელი ჩამოვართვი. კაშიამ სეზონის ბოლოს გამიმხილა, რას ფიქრობდა სინამდვილეში. მან მითხრა, რომ ჩემი არ სჯეროდა, დაბნეულად და დაკარგულად გამოიყურებოდი, ამ პატარა ბიჭს კონტრაქტი როგორ გაუფორმესო.

ალბათ, შეშინებული და ანერვიულებული ვიყავი, ძალიან პატარა. იმ სეზონში 14 გოლი გავიტანე და გულშემატკივრებმა სეზონის ფეხბურთელად დამასახელეს. ძალიან გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე. კაშიამ მოგვიანებით თქვა, რომ შეცდა და დავუმტკიცე ჩემი შესაძლებლობები. ის იმას ნიშნავდა, რომ კონკრეტული ბრძოლა მოვიგე და მივიღე ეს გამოწვევა“, - თქვა მაუნთმა.

მოგვიანებით გურამმა მეისონი ასე დაახასიათა: „ეს ბიჭი ბრწყინვალეა, წლების განმავლობაში „ვიტესში“ არაერთი ტალანტი მინახავს „ჩელსიდან“ მოსული, მაგრამ მეისონი საუკეთესოა“.

აქვე გეტყვით, რომ მაუნთმა გასული სეზონი იჯარით „დერბი ქაუნთიში“ გაატარა, ხოლო ფრენკ ლამპარდმა მიმდინარე სეზონში „ჩელსიში“ შანსი მისცა და ჯერჯერობით „არისტოკრატების“ რიგებში ჩატარებულ 32 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.142535