ფეხბურთი

10:27 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასი 2020 | 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალში დინამო თბილისი და სფფ აკადემია რუსთავი იასპარეზებენ

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის მატჩებით გაიხსნა. 18 იანვარს, ბათუმის ახალ სპორტის სპორტის სასახლეში ჯგუფური და ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.



'ა' ჯგუფში პირველი ადგილი დინამო თბილისმა დაიკავა. თბილისელებმა ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრა მოიგეს და მოპოვებული 9 ქულით ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად დასძლიეს. დინამოელებთან ერთად ნახევარფინალში თამაშის უფლება სფფ-ის რუსთავის აკადემიის 15-წლამდე გუნდმა მოიპოვა. აკადემიელებმა 4 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობეს.

15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის 'ბ' ჯგუფში პირველ ადგილზე თბილისის საბურთალო გავიდა. საბურთალოელებმა დინამოელების მსგავსად ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება 9 ქულით მოიპოვეს. აღნიშნული ჯგუფიდან, ნახევარფინალში სფფ-ის აკადემიის ზუგდიდის 15-წლამდე გუნდიც იასპარეზებს. ზუგდიდელებმა ორი შეხვედრა მოიგეს და ერთში დამარცხდნენ.

ზამთრის თასის 2020-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო თბილისი და სფფ აკადემია ზუგდიდი დაუპირისპირდნენ. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით ანგარიშით - 9:2 დასრულდა. თბილისელებმა ფინალში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს. აქედან ორ შემთხვევაში კი, ტურნირის მოგებაც შეძლეს.

15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ისტორიაში პირველად ფინალში სფფ-ის აკადემიის გუნდი იასპარეზებს. აკადემიელები ნახევარფინალურ ეტაპზე საბურთალოს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 4:2 დაამარცხეს მეტოქე.

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების ფარგლებში 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალური შეხვედრა ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 19 იანვარს 18:20 საათზე დაიწყება.

ზამთრის თასი 2020 19 იანვარს ლეგენდების გათამაშებით დასრულდება. ტრადიციად ქცეული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 13:30 საათიდან დაიწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები კი, გათამაშებაში 14:00 საათიდან ჩაერთვება და უეფას გუნდს დაუპირისპირდება. ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ლეგენდების ტურნირზე დასასწრები აბონიმენტის შეძენა გულშემატკივარს ონლაინ, TKT.ge-ზე შეუძლია, ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, 11:00 საათიდან ბათუმის ახალი სპორტის სასახლის სალაროებში დაიწყება. აბონიმენტის ღირებულება 2 ლარს შეადგენს.

ლეგენდების ტურნირის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის Facebook გვერდი 13:30 საათიდან შემოგთავაზებთ. 19:00 საათიდან კი, ფინალური შეხვედრის ხილვა გულშემატკივარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

gff.ge

0.125584