სხვა

3:17 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა ისტორიული შედეგი და რუსეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჯგუფური ეტაპი დაძლია. რევაზ ჩომახიძისთვის გუნდისთვის ამ კუთხით გადამწყვეტი მატჩი პირველივე ტურში საფრანგეთთან იყო, რომელიც 9:7 მოიგო და იმთავითვე ნათელი იყო, რომ მერვედინფინალის საგზურს მოიპოვებდა.

საბერძნეთს (10:17) და იტალიას (6:18) საქართველომ განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. პარალელურად, საფრანგეთმაც წააგო აპენინელებთან და ელადელებთან და D ჯგუფში ქართველებს 3 ქულით მესამე ადგილი ერგოთ.

ამრიგად, მერვედფინალში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს, რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასწორზე ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის პერსპექტივა და რაც მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ავტომატური საგზური დევს, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

ცხადია, რუსეთის ნაკრების ძლევა ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი და დაუძლეველი ბარიერია. რუსებმა ჯგუფში ჩვენს დარად ერთი მატჩი მოიგეს, ორჯერ დამარცხდნენ. შედეგად, 3 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, რადგან ზუსტად იგივე მაჩვენებლით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი რუმინეთმა და ჰოლანდიამ, მაგრამ ჩვენს მომავალ მეტოქეს მათზე უკეთესი ბურთების ბალანსი აღმოაჩნდა.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ და ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ უნგრეთს შეხვდება. საქართველო - რუსეთის უმნიშვნელოვანესი თამაში კი, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ქართველმა წყალბურთელებმა ისტორია უკვე დაწერეს, მაგრამ მისი გამდიდრების კარგი შანსი აქვთ. არ დავივიწყოთ, რომ ეს ყველაფერი იმ ქვეყნის შვილებმა შეძლეს, სადაც ერთადერთი აუზია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119821