სხვა

21:00 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი თაობის პირველი შეკრება

პირველი საწვრთნელი შეკრება დაასრულა საქართველოს გოგონათა ნაკრების ახალმა თაობამ - 2004-05 წლებში დაბადებულებმა. ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში ამ გუნდს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვთ შვედეთის ქალაქ გეტებორგში.

ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობს და პირველ შეკრებაზე წარმომადგენლობა 11 კლუბს ჰქონდა. კონურენციაც დიდია - იანვარში გამოძახებული 25 მოთამაშის გარდა მწვრთნელებს კიდევ ჰყავთ ნაკრების 10-15 კანდიდატი.

შეკრება ორი კვირა, 4-17 იანვარს გაგრძელდა. გუნდი ცხოვრობდა გლდანში, ხელბურთის აკადემიაში და დილის ვარჯიში იქვე ჰქონდა, საღამოობით - ოლიმპიურ სასახლეში, რამდენიმე წვრთნა კი სპორტის სასახლეშიც გამართა და საქართველო-ფინეთის თამაშსაც დაესწრო.

ნაკრებთან ერთად მუშაობდა მწვრთნელთა ჯგუფი: სერბი დარკო გრბიჩი, რომელიც ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელთა ჯგუფის წევრი დამირ სტოიანოვიჩი და ინა ჭკუასელი. მათ ასისტენტობას უწევდნენ ეროვნული ნაკრების წევრები, ქრისტინე ჯავახია და თინათინ ქიტესაშვილი.

გვესაუბრება მთავარი მწვრთნელი, დარკო გრბიჩი:

- საქართველოში ქალთა ხელბურთის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი გამეგო და გამიკვირდა, როდესაც ნაკრების შემადგენლობაში 11 სხვადასხვა კლუბის და 9 ქალაქის მოთამაშე დამხვდა. ამდენი სხვადასხვა კლუბის მოთამაშის ერთ გუნდად შეკვრა საკმაოდ ძნელი საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება - ამ ორი კვირის განმავლობაში გოგონებმა დამეგობრებაც მოასწრეს, ვარჯიშიც, გართობაც, ათასგვარ აქტივობებში მონაწილეობა და ეროვნული ჰიმნის სწავლაც.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი გვყავს და ასეთ შემთხვევებში მოგებებისთვის ბრძოლაც გაცილებით უფრო ადვილია. ჩვენი პირველი მიზანია წარმატებით გამოსვლა გეტებორგში, გაისად უკვე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გველის, შემდეგ წელს - მსოფლიოსი.

კარგია რომ საქართველოს ფედერაციას გრძელვადიანი გეგმა აქვს და ეს სეზონიც უკვე დავგეგმეთ. თებერვალში გოგონები საქართველოს ჩემპიონატს გაგრძელებენ და მარტში მეორე შეკრება გვექნება.

იმისათვის რომ გეტებორგში კარგად გამოვიდეთ, აუცილებელია ამხანაგური მატჩები სხვა ქვეყნის თანატოლებთან და ამ კუთხით უკვე გვაქვს ვარიანტები.

სულ 25 გოგონა ვარჯიშობდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა თანაბრად არის მზად, მაგრამ მონდომებული ნამდვილად ყველა იყო. საქმე ისაა, რომ ამ 25 გოგოდან სადღაც 10 სულ ერთი წელია, რაც ხელბურთშია და ბევრი რამის პირველად სწავლება სჭირდება. არის მეორე ჯგუფი, ასე ვთქვათ, ორწლიანები და მათ სხვა მიდგომა უნდათ. ყველა მათგანმა მიიღო საშინაო დავალებები, თუ რაზე უნდა იმუშაონ.

სულ რამდენიმე გოგონაა, რომელიც ორზე მეტი წელია ვარჯიშობს, მაგრამ, რაც მთავარია, არის მონდომება, გვყავს ძალიან მეგობრული გუნდი და 6-7 ძალიან კარგი მონაცემების მქონე ხელბურთელი, რომელთა გარშემოც შეიძლება ძლიერი გუნდის აწყობა.

16წ. გოგონათა ნაკრების პირველი შეკრება

სამტრედია: თამარ ბურკაძე, თეკლა ცირეკიძე, ლიზა ჩალიშკანი, ანა ჩხაიძე, ცირა ბელთაძე GK; ყვარელი: ნათია ამონაშვილი GK, ანა სურამლიშვილი, მარიამ სმოიანი, მარიამ თავღორაშვილი, თამარ იოსებაშვილი; ტყიბული: ლიზი რობაქიძე; მამული: ელენე ბერიკაშვილი, მარიამ ქობალია; პეგასი: ნინო საბაშვილი, ელენე სვანიძე, ფოთი: ანა კობახია; ბათუმი: ნინო მჟავანაძე, ქარიშხალა: ია ჩხაიძე, ნინო კირვალიძე; გორი: ლიზა ედიშერაშვილი, ქეთი თეთვაძე; წყალტუბო: თინა სილაგაძე GK, ანა კეკუტია; თელავი: თეკლა ძამუნაშვილი, სალომე ძამუნაშვილი

მწვრთნელები: დარკო გრბიჩი, დამირ სტოიანოვიჩი (სრბ), ინა ჭკუასელი, ქრისტინე ჯავახია, თინა ქიტესაშვილი; ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი; მენეჯერი: ლანა მარგიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143173