ფეხბურთი

23:55 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

18 თვე და 2 თამაში: "მილანმა" მატია კალდარა გაასხვისა

იტალიური „მილანის“ მცველი მატია კალდარა კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეთანხმების საფუძველზე იტალიელი ბერგამოში 1.5-წლის განმავლობაში იჯარით ითამაშებს, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ კალდარა „ატალანტას“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში ჩატარებულ 66 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. „ნერაძურიში“ თავის გამოჩენის შემდეგ მატია ტურინის „იუვენტუსმა“ შეიძინა, თუმცა მისი კარიერა სწორედ აქ შეფერხდა.

2018 წლის ზაფხულში ის „იუვეს“ შეუერთდა, მოსამზადებელ ეტაპსაც გადიოდა გუნდთან ერთად, მაგრამ „ბებერმა ქალბატონმა“ „მილანიდან“ ლეონარდო ბონუჩი დაიბრუნა და სწორედ ამ ტრანსფერის გამო კალდარას ტურინული კარიერა 2 თვეში დასრულდა, რადგან კლუბმა ბონუჩის დასაბრუნებლად შავ-წითელთა ბანაკში გაასხვისა.

25 წლის ფეხბურთელს არც „მილანში“ აეწყო საქმეები და წელიწადნახევარში „როსონერის“ რიგებში მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა, ხოლო სერია A-ში მოედანზე ერთხელაც არ გასულა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 2018 წელს ჩატარებული ორი თამაშია.

0.123304