ფეხბურთი

15:54 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "ჩვენი მთავარი მიზანი ევროპაში ქართული ფეხბურთის სახელის დაბრუნებაა"

თბილისის „საბურთალომ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა სპეციალისტმა ახალ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დასახული მიზნების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს, ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ საფეხბურთო კუთხით და ზოგადად ქვეყნისთვის. ნამდვილად პირველად ჩემს ცხოვრებაში საკლუბო დონეზე სახლში მიწევს მუშაობა და ეს სრული კომფორტია. ვეცდებით ჩვენი მიზნები შევასრულოთ, „საბურთალო“ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ევროპაშიც დავიკავოთ ის ადგილი, რომელიც გვეკუთვნის, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს.

რამდენიმე მიზეზია რატომაც წამოვედი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან. თვითონ ფეხბურთის ფედერაციიდან ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ პირველად ვიგრძენი ასეთი პატივისცემა, მათი მხრიდან სურვილი გახლდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ სამართლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. „საბურთალო“ ჩემი ოჯახია და აქ თუ სადმე ვიმუშავებდი, არის სწორედ ეს გუნდი. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ 5-თამაშიანი დისკვალიფიკაციაა და ვფიქრობ, რომ ისეთი სამუშოა გავწიეთ, დარწმუნებული ვარ სხვა მწვრთნელი, რომელიც იმუშავებს ამ ეტაპზე უჩემოდ უკეთესი შედეგების ჩვენებასაც მოახერხებს. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი და რა თქმა უნდა, არის ის მიზეზიც, რომ ბოლო სამი თამაში წავაგეთ და ჩემს პასუხისმგებლობას სრულად ვგრძნობ. ამპარტავნობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვისთან წავაგებთ, საფრანგეთთან თუ შვეიცარიასთან. აზერბაიჯანთან და ლიხტანშტაინთან რომ წაგვეგო, გამოსაგდები ვიქნებოდი კიდეც. პირველი მიზეზი არის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და მეორე - ზედიზედ სამი წაგება.

რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დავიმატეთ და რამდენიმესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისეთ მოთამაშეებს დავიმატებთ, რომლებიც ჩვენს სათამაშო სტრატეგიაში ჯდებიან. ლეგიონერებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი მიდგომა გვაქვს და ჩვენს მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ისეთი ლეგიონერი უნდა გვყავდეს, რომლებიც მოგვეხმარებიან ევროტურნირებზე წარმატებულ გამოსვლაში. ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება და ამასთან დაბალანსებული იქნებიან ლეგიონერებით, რომლებსაც უცხოეთში კარგ დონეზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ.

სამწვრთნელი შტაბში ლევან ჯულუხაძე, ლაშა ნოზაძე და თემურ ლორთქიფანიძე იმუშავებენ. ამასთან, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებიც ჩვენთან ერთად იქნებიან, რადგან ჩვენი გეგმები აკადემიასთან და მომავალთანაც ასოცირდება. გვინდა დიდ და ასაკობრივ გუნდებს ერთი სტრატეგია და გეგმა ჰქონდეს.

ჩვენს გუნდში ყველას ერთი აზრი აქვს. სამწუხაროდ საქართველოში ისეთი ლეგიონერი არ მინახავს, რომელიც ევროტურნირებზე წარმატებულ თამაშში დახმარებოდა ქართულ გუნდს. ლეგიონერი, რომელიც აქ ჩამოვა, სწორი განწყობით უნდა ჩამოვიდეს, როდესაც ეს იქნება, შედეგიც იქნება. ლეგიონერი გუნდის დასახმარებლად უნდა ჩამოდიოდეს და არამარტო ვალის მოსახდელად.

თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა გულშემატკივრის ნაკლებობაა. ჩვენ მესისა და რონალდუს ვერ ჩამოვიყვანთ, რომელთა სანახავად ქომაგი მოვიდეს. ჩვენს გუნდში იქნებიან ფეხბურთელები, რომელთაც ქვეყნის სახელით აქვთ წარმატებით ნათამაშები და მინდა ვთხოვო საბურთალოელებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე, რადგან რაც უფრო მეტი იქნება გულშემატკივარი, უფრო მაღალი ხარისხის თამაში იქნება, ვიდრე დღესაა. ეს მარტო „საბურთალოს“ არ ეხება, ზოგადად. ჩვენ გვაქვს გარკვეული უპირატესობა, რადგან უბნის სახელი გვქვია და მინდა მოვიდეს საბურთალოს მოსახლეობა სტადიონზე.

გიორგი ჭანტურიას ტრანსფერი? მისთვის ფეხბურთიდან წასვლა ჯერ ძალიან ადრეა. ძალიან კარგად ვიცნობ მის თვისებებს და გამოვრიცხავ, რომ ფეხბურთს თავი დაანებოს, რაც შეეხება ჩვენთან თამაშს, თუ სურვილი ექნება, ჩვენ მზად ვართ დავიმატოთ, გააჩნია სიტუაციას. სიმართლე გითხრათ, კონკრეტული საუბარი ამ ტრანსფერზე არ ყოფილა, მაგრამ თუ გიორგის ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება და მოვრიგდებით, მზად ვართ.

ჩვენი სწორება ყოველთვის უნდა იყოს ევროპული ფეხბურთის დონეზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონობა უმათვრესია, საუკეთესო მწვრთნელობა, ფეხბურთელობა, მაგრამ ყველაზე მთავარია ევროტურნირებზე თავის გამოჩენა. ჩვენი მიზანია ევროპაში ქართული ფეხბურთის სახელი დავაბრუნოთ. დრო გვაქვს, მაგრამ რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ევროპაში შედეგების დაგეგმვა შეუძლებელია, მაგრამ ვიმეორებ მთავარი ამოცანა ჯგუფში თამაშია. ნელ-ნელა პროცესი და პროგრესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, საქართველოში წინსვლა შეინიშნება თუნდაც სანაკრებო დონეზე.

სხვაობა ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის? პირდაპირ გეტყვით, რომ სლოვაკს არ ჩამორჩება ქართველი, ფრანგს და შვეიცარიელს ცოტათი ჩამორჩება. მთავარი პრობლემა მენტალობაა, არის თვითშეუფასებლობის პრობლემაც. არის ფეხბურთელთა კატეგორია, რომელთაც თავისი თავი ძალიან მაგრები ჰგონიათ და არიან ისეთები, რომლებიც დავუშვათ ესპანეთს თუ ეთამაშებიან, თვლიან, რომ ესპანელმა უნდა აჯობოს. ეს არის სამუშაო პროცესი. შეფასება, რასაც გეუბნებით, არავითარ შემთხვევაში ფეხბურთელის ბრალი არაა. მწვრთნელის ფუნქცია რა არის? დაეხმაროს ფეხბურთელს სწორედ თამაშში, განვითარებაში და ამან შედეგი მოიტანოს. ჩემი აზრით, ეს მენტალური პრობლემაა და შემდეგ რიგი არის გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ამ ფეხბურთელების საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენაში. მე ფაქტს გეუბნებით, საფრანგეთთან და შვეიცარიასთან ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომლებიც ლიგა 1-ში თამაშობენ, ხოლო ჩვენ გვყავდა საქართველოს ჩემპიონატიდან და პირველი ლიგიდან ფეხბურთელები. კონკრეტულად ერთი-ერთზე თამაშის დროს ჩვენს ფეხბურთელებს შეცდომები პრაქტიკულად არ დაუშვიათ. ლოგიკას ცდება ეს, რომ როგორ შეიძლება ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს თანაბრად ეთამაშოს დავუშვათ „თელავის“ ფეხბურთელი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „თელავში“ სწორად მუშაობენ, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, პოტენციალი უდიდესია. იყო მომენტები, სადაც ამ გუნდებთან თანაბარი ვიყავით და ეს პირველ რიგში ფეხბურთელების დამსახურებაა. პოტენციალით და ნიჭით მინიმუმ ათეულში ვართ მსოფლიოში, მაგრამ ამ ნიჭს გამოყენება და განვითარება უნდა. ამაზე მაქვს პასუხი, როგორ უნდა მოხდეს, თუმცა, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. ასაკობრივ ნაკრებებს მუდმივად აქვთ შედეგები და ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? პრობლემები ყოველთვის ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და არა იმაში, რომ აი, მსაჯმა დაგვჩაგრა. გასაგებია და მესმის, რომ ისინიც ცდებიან, მაგრამ მსაჯამდე რა გავაკეთეთ იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მსაჯიანად უნდა დავამარცხოთ მეტოქე. რა თქმა უნდა, სლოვაკეთთან თავი ხელში უნდა ამეყვანა. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ და ჩემი ბრალი იყო, უნდა მომეთმინა. ხვალაც, რომ იგივე მოხდეს, შეიძლება ისევ ვერ მოვითმინო, მაგრამ ისე მოვიქცევი, რომ ასე არ დავაზიანო ჩემი თავი“, - თქვა ცეცაძემ.

0.119538