რაგბი

13:26 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არესი’ ზამთრის ჩემპიონია!

პირველი ლიგის მეთორმეტე ტური, ‘შევარდენზე’ ‘არმიასა’ და ‘ვარკეთილი ივერიას’ მატჩით დაიწყო. მართალია, პირველობის აუტსაიდერმა უპირობო ფავორიტს ფიცხელი ბრძოლა ვერ გაუმართა, თუმცა 2 ლელოს გატანა მაინც მოახერხა (ფულბეკი ლაშა სირაძე და ჰუქერი ლაშა აფციაური).

‘ჯარი’ პირველივე წუთებიდან მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდა. ‘ლეონსიოს’ ბიჭები ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და მთლიანობაში 19 ლელოს გატანაც მოახერხეს. ბენეფისი მოიწყო ‘არმიელთა’ ფულბეკმა სანდრო ნახუცრიშვილმა, ვინაც 6 გატანილი ლელოთი შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მარბიელმა სოლომონ ქარუხნიშვილმა და მგეზავმა ნიკა ხურციძემ ‘დუბლი’ შეასრულეს. ‘არმიამ’ 115:14 იმარჯვა და 50 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დარჩა.

მეორე ადგილზე მყოფ ‘ვეფხვებს’ სამნიშნა ანგარიშის დასაფიქსირებლად სულ 1 ქულა დააკლდათ. პატარძეულმა, გარე კახეთში ქუთაისის ‘ბაგრატს’ 15 ლელო გაუტანა და მარქაფას გარეშე მყოფი რიონისპირელები 99:8 დაამარცხა.

სტუმართაგან პირველ ტაიმში მგეზავმა თორნიკე იობიძემ 40 მეტრიდან ჩინებული არეკნი გაიტანა, მეორე ნახევარში კი შუამარბმა ცოტნე კვესელავამ მოახერხა პრესტიჟის ლელოს დადება. პატარძეული განუზომელ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტშიც აღემატებოდა. ‘ვეფხვების’ მხრიდან, ‘დუბლით’ ფრთის მოთამაშეები: გიორგი კოტორაშვილი, მურაზ გიორგაძე, შუამარბი დაჩი ელერდაშვილი და მარბიელი თენგო ტეტიაშვილი გამოირჩნენ.

პირველობის ლიდერმა ‘არესმა’ ასევე იოლ წარმატებას მიაღწია. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’, ქუთაისში ‘დინამოს’ 10 ლელო გაუტანა და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღო 60:6.

ქართული რგბის უხნესმა გუნდმა ფავორიტს გარკვეული წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია და სერგო ფრუიძის შეგირდები 24 ქულას (4 ლელო) დააჯერა. თავის მხრივ ‘დინამოს’ მგეზავმა გიორგი გოდერძიშვილმა 2 ჯარიმის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში ‘არესმა’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და კიდევ 6 უპასუხო ლელოს დადებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ ‘არესის’ შუამარბმა ამირან შვანგირაძემ მეორე ტაიმში მიჯრით 3 ლელოს გატანა და შესაბამისად ‘ჰეთ-თრიკის’ შესრულება მოახერხა. ‘არესი’ ზამთრის არდადეგებზე ლიდერად წავიდა და მდევრებთან: ‘ვეფხვებთან’ და ‘არმიასთან’ 4 და 8-ქულიანი უპირატესობაც შეინარჩუნა.

‘დევებმა’ ფავორიტ ყაზბეგს ‘შევარდენზე’ უმასპინძლეს და პირველ ტაიმში ფიცხელი ბრძოლაც გაუმართეს. მოხევეებს წინა 3 ტურში, პირველობის ფავორიტებთან (‘არესი’; ‘ვეფხვები’; ‘არმია’) დახარჯული ენერგიის აღსადგენად და ფსიქოლოგიური წნეხისაგან თავის დასაღწევად თითქმის ნახევარი საათი დაჭირდათ.

‘დევები’, ფულბეკ თორნიკე ხმელიძის გარდასახული ლელოთი 30 წუთი ანგარიშში 7-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, რის შემდგომ მოხევეებმა მატჩის დალაგება მეთოდურად იწყეს, მარბიელ ვაჟა მაისურაძისა და მხტომელ გიგა კაციტაძის ლელოთა მეოხებით შესვენებაზე 5-ქულიანი მარაგით წავიდნენ. მეორე ნახევარში კი გოჩა ჩქარეულის შეგირდთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. ტაქტიკური გადანაცვლებების შედეგად ‘ყაზბეგმა’ ტემპს უმატა და ხელდახელ თამაშით ‘დევებს’ უამრავი პრობლემაც შეუქმნა. მოხევეთა ფრთა ზურა კორკელიამ წყვილი ლელოს დადება მოახერხა, რასაც მარქაფადან ჩართულ ფრთა გიგა ჩაბაკაურის, ჰავბეკ ვასილ სანაძისა და მგეზავ გიორგი ასათიანის ლელოებიც დაერთო. მოხევეთა გამოჯანმრთელებულმა მგეზავმა მთლიანობაში 6 ლელოდან 5 გარდასახა და ‘ყაზბეგის’ დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა 45:14. დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად მობურთავე მოხევეებმა, აღებული პრემიითა და სეზონში მეშვიდე მოგებით 32 ქულა დააგროვეს, სატურნირო ცხრილში საპატიო მეოთხე პოზიცია გაიმყარეს და მდევარ ‘ტაოს’ მთელი 8 ქულით გაუსწრეს.

მეთორმეტე ტური, სამცხე-ჯავახეთში მინი-სენსაციური შედეგით დასრულდა. ოზურგეთის ‘არწივებმა’ ასპინძაში დრამატულ ბრძოლაში, მატჩში ფავორიტ ‘ტაოს’ ძლევა მოახერხეს 17:14, რამაც გურულებს ცხრილში მეშვიდე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. ‘ტაო’ კი აღებული ნუგეშით, მეხუთე პოზიციას დაუბრუნდა.

ქომაგმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის დებიუტში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. მხტომელ გოჩა სახამბერიძისა და მგეზავ მურთაზ ჩიხლაძის ლელოები, მესხების 10-იანმა თავადვე გარდასახა და ‘ტაო’ 14-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ‘არწივებმა’ ძირითადის რამდენიმე მორაგბე მოისაკლისეს, გურულთა დამრიგებელ კახა მაჩიტიძეს მარქაფას ჭაბუკმა მოთამაშეებმა არ უმტყუნეს და თვალსასეირო თამაშის მეორე ნახევარში სრული უპირატესობა მოიპოვეს. ‘არწივებს’ სწრაფი, ხელდახელ თამაშით ოვალი მეტოქის ხაზამდე ჩაქონდათ. ჰუქერ გიორგი ბეჟანიძის გატანილი ლელოს კვალ, გურულების შუამარბმა გიორგი კალანდაძემ ლელოს დადება ორივე ტაიმის მიწურულს მოახერხა. ‘არწივების’ კაპიტანმა საკუთარი გუნდის პრაქტიკულად ბოლო მიძალება თავის მეორე ლელოდ აქცია და გურულებს სეზონში მეოთხე გამარჯვება მოაპოვებინა.

პირველი ლიგის ჩემპიონატი გაისად, თებერვლის დასაწყისში განახლდება.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119773