ავტოსპორტი

14:28 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ფ1-ის გუნდებიდან 2020 წლის მანქანას პირველი გვიჩვენებს

„ფერარი“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პირველი გუნდია, რომელმაც 2020 წლის სეზონის მანქანის წარდგენის თარიღი გამოაქვეყნა. იტალიური გუნდი სარბოლ მანქანას 11 თებერვალს გვიჩვენებს. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ამ მანქანით, მომავალ სეზონში ტიტულის მოპოვებას შეძლებენ.

გასული სეზონის დასაწყისი „ფერარისთვის“ რთული გამოდგა, თუმცა გუნდმა ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოახერხა გაუმჯობესება და რამდენიმე რბოლაც მოიგო. თუმცა ეს „მერსედესთან“ და ლუის ჰამილტონთან სრულფასოვანი კონკურენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მარცხის მიუხედავად, გასულ სეზონში „ფერარის“ ოპტიმიზმის საფუძველიც მიეცა. ჯერ ერთი, უკვე დადასტურებულია, რომ მისი ძრავი ჩემპიონატში ყველაზე ძლიერია. მეორეც, გუნდის მონაკოელმა პილოტმა შარლ ლეკლერმა ყველაზე მეტი პოულ პოზიცია მოიგო.

გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ „ფერარიმ“ ახალი სეზონისთვის მზადების სტრატეგია შეცვალა - ახალი მანქანის საჩვენებელი ვერსიის ადრეული წარდგენით, მისი სრულყოფისთვის მეტ დროს იტოვებს. ეს პირველივე რბოლისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს.

„მანქანას ძალიან ადრე წარვადგენთ. ვფიქრობ, ჩვენ ამას პირველები ვიზამთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბარსელონაში ტესტების დაწყებამდე, დინამომეტრიული ჰომოლოგაციების გავლას ვაპირებთ. მანქანის წარდგენას 11 თებერვალს ვგეგმავთ, რის შემდეგაც, მალევე სტენდზე ინტენსიურ ტესტებს შევუდგებით“, - ამბობს ბინოტო.

ბარსელონაში ტესტების პირველი სერია 19-21 თებერვალს გაიმართება, მეორე სერია კი 26-28 თებერვალს არის დანიშნული. სულ წინასასეზონო ტესტებისთვის ორი დღით ნაკლები არის გამოყოფილი. ახალი სეზონი კი, რომლის კალენდარშიც რეკორდულად ბევრი, 22 რბოლა შევიდა, სტარტს ავსტრალიაში 15 მარტს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118499