კალათბურთი

10:21 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები მიუნხენში გამართულმა კენჭისყრამ გამოავლინა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2020 წლის 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი. ბოისა კენჭისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილც მიუჩინა. მას ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

მთლიანობაში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 4 ჯგუფი, რომელთაგანაც ორი 6-გუნდიანი და ორიც- 5-გუნდიანი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელტარული, A დივიზიონის საგზური.

თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასა და ირლანდიასთან მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში 6-6-ად გადანაწილდა. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასსვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

16-წლამდელთა B დივიზიონი 13-22 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, უკრაინა, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი.

16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. ორივეგან ჩვენი ნაკრები C დივიზიონშია. 16-წლამდელთა C დივიზიონს 14-19 აგვისტოს გიბრალტარი უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრების მეტოეები ჯგუფში იქნებიან სომხეთისა და უელსის გუნდები.

18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

რაც შეეხებათ 18-წლამდელ გოგონებს, C დივიზიონი ანდორაში, 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 8 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან მოხვდა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111835