ფეხბურთი

23:26 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

-7 და მეშვიდე ადგილი - "ბაიერნი" კრიზისშია

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ საქმეები უკან-უკან მიდის. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადა და „ლევერკუზენთან“ შინ წაგების შემდეგ გათამაშების ლიდერ „გლადბახთანაც“ ვერ მოახერხა რეაბილიტირება.

უგოლო ტაიმის შემდეგ სტუმრები ივან პერიშიჩმა კი დააწინაურა, მაგრამ დღეს რამი ბენსაბაინის დღე იყო, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ აიღო, მათ შორის მეორედ მსაჯის კომპენსირებულ დროში და „ბორუსიამ“ 31 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. „ბაიერნს“ კი 7 ქულით მოშორდა. დიახ, ლიდერთან ჩამორჩენა „რეკორდმაისტერისთვის“ უკვე 7 ქულაა და მე-7 ადგილზეა. მიუნხენურმა გიგანტმა 14 ტურში მოასწრო 4 მატჩის წაგება, რაც ცხადია, მისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

„გლადბახს“ კი კვალში „ლაიფციგი“ უდგას, რომელმაც იულიან ნაგელსმანის ყოფილი გუნდი „ჰოფენჰაიმი“ მეტისმეტად ადვილად, 3:1 დაჯაბნა, 30 ქულას მოუყარა თავი და ლიდერს უტევს.

დღე ლევერკუზენში, „ბაიერისა“ და „შალკეს“ მეტად პრინციპული დუელით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა ბრძოლაში 2:1 მოიგეს. შედეგად, „ხუმარებმა“ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ ვითარება გაიუარესეს, ხოლო „ფარმაცევტებმა“ „ბაიერნს“ გაასწრეს.

მორიგი გამარჯვება იზეიმა „ფრაიბურგმა“, რომელმაც „ვოლფსბურგს“ გვიანი გოლით აჯობა და „შალკესთან“ ერთად მეოთხე ადგილს იყოფს. და ბოლოს ლუსიენ ფავრის „დორტმუნდი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ტურის წინ „დიუსელდორფთან“ ივარჯიშა და 5:0 გაანდგურა. „ყვითლებმა“ ამ გამარჯვებით ორი ადგილით წინ წაიწიეს და ახლა მესამე პოზიციას ამაგრებენ.

„დორტმუნდი“ – „დიუსელდორფი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 როისი (42), 2:0 აზარი(58), 3:0 სანჩო (63), 4:0 როისი (69), 5:0 სანჩო (74)

„გლადბახი“ – „ბაიერნი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (49), 1:1 ბენსაბაინი (60), 2:1 ბენსაბაინი (90, პენ)

„აუგსბურგი“ – „მაინცი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ოზტუნალი (15), 1:1 რიჩტერი (41), 2:1 ნიდერლეხნერი (65, პენ)

„ლაიფციგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერნერი (11), 2:0 ვერნერი (52, პენ), 3:0 ზაბიცერი (83), 3:1 ბიჩაკჩიჩი (89)

„ფრაიბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შმიდი (85)

„ლევერკუზენი“ – „შალკე“ 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ალარიო (15), 2:0 ალარიო(81), 2:1 რამანი (82)

თეგებიბუნდესლიგა
0.107931