ავტოსპორტი

14:44 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინი“ შესაძლოა ფორმულა 1-ში დაბრუნდეს

შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს „ასტონ მარტინი“ დაუბრუნდეს. ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“ შეიტყო, რომ სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ბრენდის შეძენა, კანადელ მილიარდერ ლოურენს სტროლს სურს, რომელიც იმავდროულად იმ კონსორციუმს უდგას სათავეში, რომელსაც ფორმულა 1-ის გუნდი „რეისინგ პოინტი“ ეკუთვნის.

სტროლმა და მისმა კონსორციუმმა ფ1-ის გუნდი „ფორს ინდია“, რომელიც გაკოტრების პირას იყო, შარშან შეისყიდა და სახელიც გამოუცვალა. სტროლი, რომლის ქონებაც 2 მილიარდ სტერლინგად არის შეფასებული, „რეისინგ პოინტის“ ტექნიკური ცენტრის გაფართოებას გეგმავს და ამისთვის სახსრებს არ იშურებს.

სტროლი „ასტონ მარტინით“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბრიტანული კომპანიის აქციები, 19-დან 5 სტერლინგამდე გაუფასურდა და ამ წლის პირველ ექვს თვეში, დაახლოებით 80 მილიონი სტერლინგი იზარალა. „ავტოქარის“ ვარაუდით, სტროლს სურს, რომ თავის ფ1-ის გუნდს, რომლის ერთ-ერთი პილოტიც მისი შვილი ლანსია, „ასტონ მარტინი“ უწოდოს და შესაბამისად, ბრიტანულ სარბოლო მწვანე ფერში გამოაწყოს. ასევე საინტერესოა, რომ ახლახანს „ასტონ მარტინმა“ სილვერსტოუნის ტრეკზე საინჟინრო ცენტრი გახსნა. იქვე მეზობლად მდებარეობს „რეისინგ პოინტის“ ბაზაც.

თუ ასე მოხდა, „რედ ბული“ ასტონ მარტინის“ სახით, სპონსორს და ტექნიკურ პარტნიორს დაკარგავს. ორმა კომპანიამ ერთობლივად შეიმუშავა ჰიპერ ავტომობილი „ვალკირი“, რომლითაც „ასტონ მარტინი“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპოიონატში 2020-21 წლების სეზონიდან ჩაერთვება.

სტროლი მოტორსპორტის ცნობილი ენთუზიასტია და კლასიკური ავტომობილების მდიდარ კოლექციას ფლობს. თავისი ქონება კი მოდის ინდუსტრიაში, ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით დააგროვა, როგორებიცაა „ტომი ჰილფიგერი“, „რალფ ლორენი“ და „პიერ კარდენი“.

რაც შეეხება „ასტონ მარტინს“, ის ფორმულა 1-ში მცირე ხნით, ექვსი ათწლეულის წინ გამოჩნდა, როცა ქეროლ შელბიმ და როი სალვადორიმ ოთხ რბოლაში DBR4-ებით იასპარეზეს. მცირე დაბრუნება 1960 წელს შედგა, მაგრამ „ასტონის“ წინაძრავიან მანქანებს მეტოქეთა უკანა ძრავიანები აშკარად სჯობდნენ და ბრიტანულმა კომპანიამ სწრაფადვე დატოვა დიდი პრიზების ცირკი.

0.11059